“რაინეარის” თვითმფრინავმა, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში დაჯდა – ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ბორტზე დისიდენტი ჟურნალისტი იმყოფებოდა, რომლის დაპატიმრებაც სურდათ.
ოპოზიციური ტელეგრამ-არხი Nexta წერს, რომ მათი ყოფილი რედაქტორი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ბელარუსის მოქმედებას აღმაშფოთებელს უწოდებს და მოუწოდებს, ჟურნალისტი გაათავისუფლონ.
ბელარუსის სახელმწიფო მედიასაშუალებები კი ამბობენ, რომ თვითმფრინავმა მიმართულება ბომბის საშიშროების გამო შეიცვალა.
მომხდარმა ევროპაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, მსოფლიო ლიდერები მოითხოვენ, სასწრაფოდ გაათავისუფლონ პროტასევიჩი. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგან რინკევიჩის შეფასებით, ბელარუსის ქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და რეაქცია იქნება “ძლიერი და ეფექტიანი”.
გერმანია ბელარუსისგან დაუყოვნებლივ განმარტებას ითხოვს.
დიდ ბრიტანეთში, თემთა პალატის თავმჯდომარემ ტომ ტუგენდჰატმა განაცხადა, რომ დემოკრატიაზე თავდასხმაა ოპოზიციური ხმის ჩასახშობად თვითმფრინავის იძულებით დასმა.
ბელარუსული სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო “ბელტა” წერს, რომ ლუკაშენკომ პირადად გასცა თვითმფრინავის მინსკში დაჯდომის განკარგულება მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავი დანაღმული იყო. პრეზიდენტის განკარგულებით, თვითმფრინავის აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. თვითმფრინავი უკვე ლიეტუვის საზღვართან იმყოფებოდა, თუმცა ის მინსკისკენ მოაბრუნეს.
Nexta კი ამტკიცებს, რომ ბორტზე არანაირი ნაღმი არ აღმოუჩენიათ და ჩხრეკის შემდეგ 26 წლის პროტასევიჩი დააკავეს.
რუსთავი 2

