“ათენი-ვილნიუსის ბორტი სახელმწიფომ გაიტაცა” – მაიკლ ო’ლირი

"ათენი-ვილნიუსის ბორტი სახელმწიფომ გაიტაცა" - მაიკლ ო'ლირიავიაკომპანია რაინეირის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ო’ლირის განცხადებით, მას სჯერა, რომ თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა და მიმართულება შეუცვალეს, ბელარუსი კგბ-ს აგენტები იმყოფებოდნენ.

„როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანი ჟურნალისტისა და მისი თანმხლები პირის მოშორება იყო. გვჯერა, რომ აეროპორტში [თვითმფრინავიდან] კგბ-ს რამდენიმე აგენტიც გადმოვიდა,“ – აღნიშნა მაიკლ ო’ლირიმ.

ამასთან, მისი თქმით, თვითმფრინავის რეისის მიმართულების შეცვლა სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი გატაცებაა.

„ეს იყო სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი გატაცების, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პირატული ქმედების შემთხვევა,“ – აღნიშნა რაინეირის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. რაინეირის  თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, მინსკში თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა.

იპნ