ძმები არველაძეები და ლაშა ტალახაძე – ვინ იქნება გახარიას გუნდში

ძმები არველაძეები და ლაშა ტალახაძე - ვინ იქნება გახარიას გუნდშიმზადება დიდი პოლიტიკური განაცხადისთვის – გიორგი გახარია პოლიტიკურ ავანსცენაზე მეორედ ბრუნდება. “პირველების” ინფორმაციით ექს-პრემიერი კვირის ბოლომდე საზოგადოების წინაშე ახალი გუნდით წარდგება.

ძმები არველაძეები და ძალოსანი ლაშა ტალახაძე – ეს იმ ადამიანების  მცირე ნაწილია, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით ექსპრემიერის გვერდში ვიხილავთ.

ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ შანსებზე მოქმედს საუბარი არ სურს.  ღარიბაშვილი  გახარიას შესახებ დასმულ შეკითხვას გაექცა.

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ “ოცნებას” გახარიას პოლიტიკური გუნდის ეშინია, რადგან დამოუკიდებლად მოთამაშე ექს-პრემიერს  ყველაზე მეტი შანსი აქვს, ხმები სწორედ მმართველ პარტიას წაართვას.

ტვ პირველის ინფორმაციით, გახარიას გუნდი კვირის ბოლოს პარტიის პრეზენტაციას გამართავს. 26 მაისს გახარია იტყვის, როდის გამართავს პარტიის პრეზენტაციას.

ვემზადებით იმისთვის, რომ შევქმნათ პოლიტიკური პარტია ბატონი გიორგი გახარიას ლიდერობით. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ყველაფერი იქნება მზად – განაცხადა გახარიას გუნდის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა.
ვიდრე ექსპრემიერის გუნდი პარტიის სახელწოდებასა და ოფისების შერჩევაზე მსჯელობს, ,,ქართული ოცნება” იმაზე საუბრობს, რომ გახარიას რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდა იმის შემდეგ, რაც ის მმართველ პარტიას გაემიჯნა.

რამდენიმე თვის წინ ვიღაცას რეიტინგი ჰქონდა, ეს ვერ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, ეს რეიტინგიც იმიტომ ჰქონდა, რომ ,,ოცნებას” წარმოადგენდა და არა რომელიმე დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტს. – განაცხადა ,,ქართული ოცნების” წევრმა, ანრი ოხანაშვილმა.
მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ გახარია ,,ოცნებას” ხმებსაც წაართმევს და ვადამდელი არჩევნებს მისი პოლიტიკაში დაბრუნება დააჩქარებს. ,,რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, ხათუნა სამნიძე,  მიიჩნევს, რომ გახარია ,,ოცნებას” ხმებს წაართმევს.

გახარიას ამომრჩეველი არის ,,ქართული ოცნების” ამომრჩეველი. გახარიას პირობებში ,,ოცნებას” ადგილობრივ არჩევნებში 43%-ის აღება გაუჭირდება – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.