7 მაისს გარდაიცვალა ცნობილი საბჭოთა პარტოკრატი ეგორ ლიგაჩოვი (1920-2021). ის 100 წლის იყო.
ლიგაჩოვი საბჭოთა ელიტის კონსერვატიულ ფრთას განეკუთვნებოდა. მიუხედავად ამისა, 1985 წელს გორბაჩოვის სკკპ-ს გენერალური მდივნის პოსტზე არჩევას მხარი დაუჭირა, შემდგომში კი გორბაჩოვს ოპოზიციაში ჩაუდგა.
სწორედ ლიგაჩოვი იდგა ნინა ანდრეევას ცნობილი წერილის უკან, რომელიც გაზეთმა „პრავდამ“ გამოაქვეყნა. წერილში ნათქვამი იყო, რომ სტალინი ხალხის ბელადია და ხალხიც მის ლაფში ამოსვრის უფლებას არავის მისცემს.
ლიგაჩოვი მკვეთრი ქართველოფობიით გამოირჩეოდა. 1986 წელს ის თბილისს ეწვია და საქართველოს მაშინდელ ცეკას მდივან პატიაშვილს თითი უქნია, საკმარისად ინტერნაციონალისტები არ ხართო.
ლიგაჩოვმა მხარი დაუჭირა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში ჯარის შეყვანას და სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებას.

