“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ 50% მაინც დააფიქსიროს, რათა გაყალბების ეჭვი მოსპოს:
– თუ 44% დაფიქსირდება, მაშინ, ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რა მოჰყვება! 20 ათას ხმაზე იქნება საუბარი. არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც 20 ათას ხმას არ მოჰპარავს. ერთპროცენტიანი ცდომილების შემთხვევაში არავინ დაიჯერებს, რომ არჩევნები არ გაყალბდა. ამიტომ, თუ უნდათ, ქუჩის პროტესტის პრობლემა მოიხსნას, შედეგი 50-%-ს უნდა მიუახლოონ.
– რა დისონანსს შეიტანს გიორგი გახარიას გამოჩენა ამ პროცესში?
– თუ ის თავისი პარტიით გამოვა ამ არჩევნებზე. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც “ოცნებას” ხმა მხოლოდ გახარიას ხათრით მისცა. ეს ხალხი, ცხადია, ახლა პირდაპირ გახარიასკენ წავა და არა “ოცნებისკენ”.
თუ გახარია ადგილობრივ არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, მაშინ არავინ დაიჯერებს, რომ ის ივანიშვილის პროექტი არ არის.
მე არ მჯერა, რომ ის ივანიშვილის პროექტია. გიორგი გახარია გადმოვიდა ოპოზიციაში და ის ეცდება ოპოზიციური ნიშის დაკავებას. რასაკვირველია, ცოტა განსხვავებული იქნება არსებული ოპოზიციისგან.
გახარიას ინტერესში უნდა იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. კაცი პრემიერობიდან ოპოზიციაში რომ მიდიხარ, საკრებულოში ექვსი კაცის გაყვანა არ უნდა გაწყობდეს, თუ რეალურად აპირებ პოლიტიკაში დარჩენას. ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოსაპოვებლად. მან უნდა შეასრულოს ოპოზიციური ფუნქცია და “ოცნებას” 43% არ ააღებინოს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა