გერმანიამ კოლონიალური ჯარების მიერ ჰერეროსა და ნამას ტომების განადგურება გენოციდად აღიარა და ნამიბიას 1.1 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ თითქმის 5-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გერმანიამ და ნამიბიამ შეთანხმებას მიაღწიეს ერთობლივი ისტორიის ყველაზე ბნელი ეტაპის შეფასებაში.
გარდა ამისა, გერმანია გენოციდის მსხვერპლთა შთამომავლებს ბოდიშს მოუხდის.
მიღწეული შეთანხმების თანახმად, 1.1 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტი ნამიბიაში სოფლის მეურნეობის, წყალმომარაგებისა და პროფესიული განათლების განვითარებას მოხმარდება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მიერ ჰერეროსა და ნამას ტომების გენოციდის აღიარება კომპენსაციის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს არ უზრუნველყოფს, ხოლო შეთანხმებული ფინანსური დახმარება რეპარაციებს არ ნიშნავს.
მე-19 საუკუნეში გერმანელებმა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ტერიტორია საკუთარი ინტერესების ფარგლებში მოაქციეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტის მიუხედავად, გერმანელები დაკავებულ ტერიტორიებს არ თმობდნენ.
განხეთქილება გერმანელებსა და ნამიბიელებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნათელი გახდა, რომ გერმანელები ტერიტორიებს ისაკუთრებდნენ და ზრდიდნენ საკუთარ კაპიტალს, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას უფრო და უფრო ავიწროებდნენ და დევნიდნენ.
1904 წელს რეგიონის სამხედრო გუბერნატორმა, ლოტერ ფონ ტროტამ ადგილობრივების აჯანყების ჩასახშობად ორი მეამბოხე ტომის სრულად განადგურების ბრძანება გასცა. ტროტას ბრძანებით, გერმანიის საზღვრების ფარგლებში არცერთი ჰერერო კაცი ცოცხალი არ უნდა დარჩენილიყო, ხოლო ქალები და ბავშვები უდაბნოში უნდა გაეძევებინათ, სადაც მათ უწყლობით სიკვდილი ელოდათ.
გენოციდის მსხვერპლი მაშინ 80.000-მდე ადგილობრივი მოსახლე გახდა.
იმედინიუსი

