20 წლის გეი მამაკაცს ოჯახის წევრებმა თავი მოჰკვეთეს – რა მოხდა ირანში

20 წლის გეი მამაკაცს ოჯახის წევრებმა თავი მოჰკვეთეს - რა მოხდა ირანშიალირეზა ფაზელი მონფარედს, 20 წლის ირანელ მამაკაცს, ოჯახმა თავი მოკვეთა –  მიზეზი ალირეზას სექსუალური კუთვნილება იყო.

ალირეზას სურდა, თავი დაეღწია ირანის სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის, რომ სხვა ქვეყნებში თავშესაფარი მოეთხოვა.

მონფარედი არაბულ-ირანული წარმომავლობის იყო და ქალაქ აჰვაზში ცხოვრობდა. ის დედისერთა იყო, თუმცა მამის წინა ქორწინებიდან ნახევარძმები ჰყავდა. ალირეზას ოჯახი ეკონომიკურად ძლიერი იყო, მის ინსტაგრამზე კი ჩანს, რომ ძალიან მოსწონდა ცნობილი დიზაინერების სამოსით პოზირება.

“იქნებ შვედეთში, ან ნორვეგიაში წავიდე…” – ამბობდა ბიჭი აუდიოგზავნილში, რომელიც მეგობარს გაუგზავნა.

ჰომოსექსუალობა ირანში ფსიქიკურ დაავადებად არის მიჩნეული. გეიდ ყოფნა ქვეყანაში აკრძალულია და სიკვდილით ისჯება, თუმცა კანონი აძლევს უფლებას ჰომოსექსუალ მამაკაცს, თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს.  თუ შესამჩნევი და მარტივად დასადგენი იქნება, რომ ადამიანი გეია, ის, შესაძლოა, სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლონ.

მონფარედი ამ შეღავათს უახლოეს დღეებში ელოდა და ქვეყნის დატოვებას გეგმავდა, თუმცა როდესაც ჯარიდან საოცნებო წერილი მიიღო, მის ნაცვლად ის მისმა ნახევარძმამ წაიკითხა.

4 მაისს, მონფარედი გასამგზავრებლად ბოლო საჭირო შენაძენს აკეთებდა და წავიდა მაღაზიაში, რათა თავისი ტელეფონი გაეყიდა. მაღაზიის გარეთ, მანქანაში მას 3 ნათესავი მამაკაცი – ნახევარძმა და 2 ბიძაშვილი ელოდებოდა. უთხრეს, რომ მასთან მამას გადაუდებელი საქმე ჰქონდა და სახლში წაიყვანეს.

სახლის ნაცვლად 20 წლის ბიჭი მიყრუებულ სოფელში მიიყვანეს, სადაც ის დანით მოკლეს.

თავმოკვეთილი ბიჭი დედამ მეორე დღეს იპოვა.

რუსთავი 2