ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში კახი კახიშვილზე საუბრობს.
– კახი კახიშვილი “ქართული ოცნების” სახეა, ის არის პატიოსნების სახე, რომელსაც ვერ უნახეს ერთი მომდურებული ადამიანი. ამ კაცს რომ მოიმდურებ და ასე გამოიყვან მდგომარეობიდან, აი აქ უკვე დასრულდა ყველაფერი.
– რა მოხდა, კობახიძის ფრთას დაეტაკა?
– კახიშვილმა ვერ დაინახა გუნდურობა და გვერდში დგომა. ტვ პირველმა რამდენიმედღიანი გადაცემები მიუძღვნა კახიშვილს, რომ ვითომ ფარული ბიზნესები აქვს და ასე შემდეგ. ნახევარწუთიანი სიუჟეტი ხომ მაინც უნდა გაეშვათ სამთავრობო ტელევიზიებს მის დასაცავად. მით უმეტეს, რომ ტყუილი იყო ეს ყველაფერი. გუნდმა არ დაიცვა კახიშვილი. გუნდურობა არ არის ამ პარტიაში.
– სად წავა კახიშვილი?
– წესით, ღარიბაშვილის გუნდში უნდა გადაინაცვლოს. ისევე, როგორც სესიაშვილმა გადაინაცვლა. ასე ვთქვათ, თავი შეაფარა, გაექცა ამ უბედურებას, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს პარლამენტში. ძალიან კი მოეშალა ნერვები ბატონ კობახიძეს, როდესაც ახსენეს მისი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ჩატარდება რიგგარეშე ყრილობა “ქართულ ოცნებაში” და არჩეული იქნება ახალი თავმჯდომარე. დიდი ალბათობით ეს იქნება ირაკლი ღარიბაშვილი და ეს იქნება სამართლიანი. ღარიბაშვილი კი თავისი კადრებით შეავსებს როგორც პარტიას, ისე პოლიტიკურ თანამდებობებს, რომელიც ნელ-ნელა თავისუფლდება.
ქუთაისი, აჭარა, კახეთი – ამ რეგიონებიდან გაუშვებენ მალე ბევრს. ბევრი სამუშაოა, რათა პარტიას სახე შეუნარჩუნდეს. დღეს “ქართულ ოცნებას” ნამდვილად არ ულხინს.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა