პეკინის გამზირზე, საერთო საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრისას გარდაცვლილი ხათუნა (თამარ) ალანია წარმოშობით ხობის სოფელ ზემო ქვალონშიდანაა.
აღნიშნულ ინფორმაციას სოფელ ზემო ქვალონის მერის წარმომადგენელი ლევან ალანია ადასტურებს.
„მშობლები გარდაცვლილი ჰყავს ხათუნას, მისი ნათლობის სახელია თამარი. დიდი ხანია იგი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, იქ მუშაობდა. აქ სოფელში მამისეულ სახლში ორი ძმა, რძალი და ძმისშვილი ცხოვრობს. ტელევიზიით გავიგეთ, რაც მოხდა“, – ამბობს რწმუნებული.
ახალგაზრდა ქალმა ბინა, სადაც ხანძარი გაჩნდა, ცოტა ხნის წინ შეიძინა და მარტო ცხოვრობდა.
როგორც გარდაცვლილის მეგობარი „პრაიმტაიმს“ უყვება დღეს, მეგობართან ერთად ბოტანიკურ ბაღში უნდა წასულიყო, ეს მისი წუხანდელი უკანასკნელი გეგმა იყო…
ხათუნა ალანია თბილისში უძრავი ქონების ბროკერად მუშაობდა.
“ხათუნა ხობის რაიონიდან იყო, მას თამარით მივმართავდი, ეს მისი ნათლობის სახელი იყო. ერთმანეთი ტურზე გავიცანით, ორივეს გვიყვარდა სიარული. რამდენიმე დღის წინ მთხოვა, შევხვდეთო, დღეს კი გადაწყვეტილი გვქონდა ბოტანიკურ ბაღში ერთად გასეირნება.
მომხდარზე არაფერი ვიცოდი, დილიდან ვწერდი, გაიღვიძე, მოვემზადოთ და წავიდეთ-მეთქი, არ მპასუხობდა, მეგონა ეძინა. მერე, მისმა ბიძაშვილმა მომწერა, ცუდი ამბავიაო და ეს საშინელება გავიგე. შოკიდან ვერ გამოვდივარ, ბოლოს წუხელ ვისაუბრეთ, დღე დავგეგმეთ და ასე მოხდა.
სახლი, სადაც ის ცხოვრობდა თავად შეიძინა. ახლა, იმ კორპუსთან მივდივარ, სადაც მეგობარი დავკარგე.” – ამბობს ინგა ჯიქია.
ახალგაზრდა ქალი შიშის გამო შენობიდან გამოღწევას ცდილობდა, როდრსაც მე-5 სართულის ფანჯრიდან ძირს ჩამოსასვლელად გაზის მილს გამოჰყვა. მეზობლების ცნობით, გოგოს ფეხი დაუცურდა და ჩავარდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
პრაიმ ტაიმი