სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იგი სამსახურიდან გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო, გაათავისუფლეს.
მისივე ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გუბერნატორმა მალხაზ თორიამ გააცნო, თუმცა ლაშა გვასალია ამბობს, რომ ის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
“ათი წუთის წინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი გახლდით. დღეს დამიბარა გუბერნატორმა, სხვათაშორის, პირველად ვნახე ასეთი გაოგნებული, ასეთი გამშრალი და ფერდაკარგული მალხაზ თორია. აშკარად ეტყობოდა, რომ ვიღაცებისგან ძალიან დიდი ზეწოლა ჰქონდა. მიზეზი ხომ უნდა ეთქვა, მაგრამ არანაირი დარღვევა არ მქონია. მითხრეს, რომ იმიტომ მიშვებენ სამსახურიდან, რომ ვარ გახარიას მეგობარი და მაქვს მასთან ურთიერთობა. თუ მეგობრობაზეა საუბარი გასაგებია, სხვა რა ურთიერთობა მქონდა, ბატონ გიორგის ჯერ პარტია არა აქვს, პოლიტიკურად არ აქტიურობს, მაგრამ ეს ჩაფიქრებული ჰქონდათ. ვიღაცას ჩემი მოშორება უნდოდა.
მითხრეს, იაშვილი აქტიურობდაო, სამხარაძე დიტოს მოადგილე. როგორც მითხრეს, დიტო და მისი მოადგილე აქტიურობდნენო. ეტყობა მათაც დაავალეს, არამგონია, დიტოს დონეზე წყდებოდეს”, – განაცხადა ლაშა გვასალიამ.
სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ლაშა გვასალია დაკავებული პოსტიდან სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო გაათავისუფლეს.
იპნ

