პარიზში 19 მაისს, 6 თვის შემდეგ, ღია კაფეები, რესტორნების ტერასები გაიხსნა.
ადამიანები საყვარელ კაფეებს მეგობრებთან ერთად ესტუმრნენ. მათ შორის იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც.
მაკრონი პრემიერ მინისტრთან ერთად პარიზის ერთ-ერთ გარე კაფეში ყავის დასალევად მივიდა და ასე აღნიშნა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება.
მედიამ კი გაავრცელა ფოტო და ვიდეო კადრები, სადაც ასახულია, თუ როგორ საუბრობენ პრემიერი ჟან კასტექსი და მაკრონი.
საფრანგეთში შეზღუდვების შემსუბუქება შეეხო “კომენდანტის საათსაც“. აქამდე ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი საღამოს 7:00 საათიდან იწყებოდა და ახლა 9:00 საათამდე გადაიწია. ეს არის შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი და თუკი ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო გაუმჯობესდება, ხელისუფლება სხვა შეზღუდვების მოხსნასაც გეგმავს.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, საფრანგეთი ამ დროისთვის მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა და ვირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე იქ ინფიცირების 5.9 მილიონი შემთხვევაა აღწერილი, კოვიდს საფრანგეთში 108. 181 ადამიანი ემსხვერპლა.
ამბები

