ნეთანიაჰუ – “ბენეტი თაღლითია, მემარცხენე მთავრობა ისრაელისთვის სახიფათო იქნება”

ნეთანიაჰუ - "ბენეტი თაღლითია, მემარცხენე მთავრობა ისრაელისთვის სახიფათო იქნება"ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ახალი კოალიციური მთავრობა ქვეყნისთვის სახიფათოა.

მას შემდეგ რაც ულტრანაციონალისტური პარტიის ლიდერმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ცენტრისტული პარტიის ლიდერ იაირ ლაპიდთან ერთად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებებს დათანხმდა, ნეთანიაჰუმ მემარჯვენე პოლიტიკოსებს მოუწოდა, მხარი არ დაუჭირონ შეთანხმებას.

”ნუ შექმნით მემარცხენე მთავრობას – ასეთი მთავრობა საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას და მომავალს”,- აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

პრემიერმა ბენეტი, რომელიც ადრე ირწმუნებოდა, რომ იაირ ლაპიდთან გაერთიანებაზე უარს იტყოდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და საუკუნის თაღლითობაში დაადანაშაულა.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევქმნა ეროვნული ერთიანობის მთავრობა ჩემს მეგობართან, იაირ ლაპიდთან ერთად,“- აღნიშნა ულტრანაციონალისტური პარტიის ლიდერმა.

ლაპიდს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთვის ვადა 2 ივნისამდე აქვს. წარმატების შემთხვევაში ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს ეპოქა დასრულდება, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 12 წელია უკავია.

ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდება, შემდეგ კი პოსტს იაირ ლაპიდს დაუთმობს.

23 მარტს ისრაელში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ქვეყნის 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი რაოდენობის მანდატების მიღება ვერ შეძლო. პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა მას კოალიციური მთავრობის ფორმირება დაავალა, თუმცა ნეთანიაჰუმ ეს ვერ შეძლო, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ეს დავალება პარტია „ეშ ატიდის“ ლიდერს, იაირ ლაპიდს მისცა, რომლის პარტიაც არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა.

იპნ