ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, „ღაზას ოპერაციის მიზნები არაჩვეულებრივად იქნა მიღწეული“.
ოპერაციისას ერთადერთი ამოცანა ისრაელის უსაფრთხოების დაცვა იყო. ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის მხრიდან დარტყმების შედეგსა და გავლენასთან დაკავშირებით ჯერ ყველაფერი ცნობილი არ არის საზოგადოებისთვის, ან თუნდაც „ჰამასისთვის“, თუმცა დროის შემდეგ ცნობილი გახდება.
„ჩვენ „ჰამასს“ მივაყენეთ მაქსიმალური დანაკარგები, ხოლო მოვახერხეთ ისრაელის დანაკარგების მინიმალიზება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ და აქვე მწუხარება გამოთქვა სამოქალაქო პირების დაღუპვის გამო.
ნეთანიაჰუ ირწმუნება, რომ ისრაელმა შეასრულა მისი ამოცანები „ჰამასთან“ დაკავშირებით, რადგან გაანადგურა ღაზაში არსებული ტერორისტების გვირაბების ქსელი, ასევე მასიური დარტყმები მიაყენა როგორც მიწისქვეშ, ისე მიწის ზემოთ და ისრაელს აქამდე ჯერ არარსებული სამხედრო მიღწევები აქვს.
ისრაელმა 200-ზე მეტი ტერორისტი მოკლა, მათ შორის 25 მაღალი რანგის პირი.
„ვინც არ მოკვდა, მათ მოვძებნით მიწის ზემოთ ან მიწის ქვეშ“, – დასძინა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, ქალაქებში არეულობებისას 1300 ადამიანი დააკავეს. „ხელში ვერავინ ჩაიგდებს კანონებს – ვერც არაბები და ვერც ებრაელები“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
იპნ

