“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს 2 პოტენციური ლიდერი ჰყავს – ნიკა მელია და გიორგი გახარია, თუმცა ორივე აგვიანებს:
– თუ დააგვიანებენ, წმინდა ადგილი დიდხანს თავისუფალი არ რჩება. ხალხი ელოდება სოლიდურ ლიდერს და არა ვიღაცა მარგინალს. აი, ამ სოლიდური ლიდერის ვაკანსიაზეა ეს ორი კანდიდატურა.
– გახარია რატომ აგვიანებს?
– ვერაფერს ვერ გეტყვით. შეუცვლელი არავინ არის, პროცესი გაგრძელდება. პოლიტიკურ ბაზარს აქვს იგივე პრინციპი, რაც ფინანსურ ბაზარს, რომ მოთხოვნა განაპირობებს მოწოდებას. მოთხოვნა არის და, შესაბამისად, აუცილებლად გაჩნდება ასეთი ლიდერი.
– კახა კალაძე მიდის “ოცნებიდან” თუ იქნება ისევ “ოცნების” კანდიდატი?
– ამ წუთას კახი კალაძე არ განიხილება იმ რანგში, როგორშიც მელია და გახარია, თუმცა შეიძლება მან გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ ორივე უკან მოიტოვოს. გახარიამ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რითიც რეჟიმის პოლიტიკას გაემიჯნა. კალაძეს ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს. შეიძლება გადადგას.
– ადგილობრივ არჩევნებზე ამ ლიდერებს შორის იქნება პაექრობა?
– ჯერჯერობით არ ჩანს, ვის შორის იქნება. ერთი, რაც ჩანს, არის ის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე უნდა გადაწყდეს ბევრი რამ. ეს ადგილობრივი არჩევნები პრაქტიკულად იქნება საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური. ვინც მოიგებს ახლა, 90%-იანი ალბათობით ის გახდება საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი. წელს ვინც გახდება თბილისის მერი, 2022-ში ის იქნება პრემიერ-მინისტრი. ეს არის 99%-იანი ალბათობით.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა