რა შემთხვევაში დაისჯება სიმთვრალეში მანქანის მართვა პატიმრობით

რა შემთხვევაში დაისჯება სიმთვრალეში მანქანის მართვა პატიმრობითნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა შესაძლოა პატიმრობით დასჯადი გახდეს – ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის ინიციატივა, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს, პარლამენტში ბიუროს უახლოეს სხდომაზე დაინიცირდება.

აღნიშნული კანონპროექტით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 116-ე მუხლი იცვლება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა.

ასევე, მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს, მძღოლის დაჯარიმებას 2.000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმებისა 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდისა.

რუსთავი 2