საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სინოფარმი ვირუსისგან 50%-დან 79%-მდე იცავს ადამიანებს, რაც საკმაოდ დაბალია.
– მაშინ რატომ გაჩნდა სინოფარმზე რიგები?
– არა მგონია, რომ სინოფარმზე წყვეტა იყოს. ვფიქრობ, ხელოვნურად არის შექმნილი. უნდათ, მოსახლეობაში მოტივირება მოახდინონ, რომ სინოფარმზე ხალხი დარეგისტრირდა და სხვებსაც გაუჩინონ მოტივაცია.
– ჩემ გარშემო ისეთმა ადამიანებმა გადაწყვიტეს სინოფარმით აცრა, რომლებიც ჩინურ ვაქცინას სკეპტიკურად უყურებდნენ.
– ეს სუბიექტური მიდგომაა. თქვენ გარშემო 100 ადამიანს ხომ არ უთქვამს? თქვა 5-6-მა. ჩემ გარშემო არავის უთქვამს. ფაქტია, რომ ადამიანები უფრო მაღალი ხარისხის ფაიზერითა და ასტრაზენეკათი არ აიცრნენ და უცებ წყვეტაა სინოფარმზე, რომლის დაცულობა უფრო დაბალია.
– ინფორმაცია გაჩნდა, რომ ფაიზერითა და ასტრაზენეკათი აცრილებს მაინც დაემართათ კორონა.
– ეს მცდარი ინფორმაციაა. ორი დოზის აცრის შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხულია. ეგ არის ეფექტიანობა ზუსტად. შეიძლება, 10%-ს დაემართოს, მაგრამ დაზღვეული ხარ გართულებისგან. ვაქცინები არ არის ფიზიკურად. სინოფარმზე კი აქცენტი იმიტომ გააკეთეს, რომ უფრო ადვილი საშოვნელია.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა