პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ა,ბობს, რომ გახარია ბევრისთვის იქცა თავის ტკივილად, მათ შორის, კობახიძისთვისაც.
– კობახიძე რომ არ გრძნობდეს, რომ გახარიას უკან სერიოზული ძალა დგას, ასეთი გამწარებული არ იქნებოდა. ასეთი ეპითეტით არ შეამკობდა. მთლად მატყუარას არ უწოდებდა. კობახიძემ მშვენივრად იცის, ვინ დგას გახარიას უკან.
– ვინ დგას?
– დიდი ეჭვი მაქვს, რომ როგორც მინიმუმ, ივანიშვილის კეთილგანწყობით სარგებლობს. სწორედ ეს აცხარებთ “ქართული ოცნების” სპიკერებს. ყველაზე მეტად კი ირაკლი კობახიძეს, რომელსაც თავისი მწარე რიტორიკით არასდროს არ ჩამორჩება ირაკლი ღარიბაშვილი. თუ მკითხავთ, მაშ ახლა რა მოხდა, გიპასუხებთ, რომ ეს დამაფიქრებელი პოზიციაა ღარიბაშვილის მხრიდან. მისი ასეთი მოზომილი პოზიცია არავის ახსოვს. მით უფრო, ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ მას ემუქრება, უფრო კონკრეტულად კი, მის თანამდებობას, თუ გახარია გაიმარჯვებს.
– რითი ხსნით ამ ზომიერებას?
– ღარიბაშვილის ეს სიფრთხილე და ზომიერება, ალბათ, უფრო ნაკარნახევია საკუთარი პოლიტიკური მომავლის გაფრთხილებით. ღარიბაშვილი კარგად ხვდება, რომ გახარიას მომხრეებში არის პიროვნება, რომელიც გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე რიგითი მომხრეები. განა ამას ვერ ხვდება კობახიძე, რა თქმა უნდა, ხვდება, მაგრამ მას, როგორც ჩანს, ყველა იმედი გადაწურული აქვს ამ მიმართულებით.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა