თაკო ჩარკვიანი – “კუნტრუშ-კუნტრუშით და კეკლუცით ოლიგარქიას ვერ დავამარცხებთ”

თაკო ჩარკვიანი - "კუნტრუშ-კუნტრუშით და კეკლუცით ოლიგარქიას ვერ დავამარცხებთ"„კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კუნტრუშ-კუნტრუშით და კეკლუცით ოლიგარქიასთან ბრძოლა ვერ წარმოუდგენია:

– საერთოდ, ოლიგარქიასთან ბრძოლა ყველაზე რთულია, იმიტომ, რომ ოლიგარქია სრულიად აღვირახსნილია. სააკაშვილი ორჯერ გადადგა. აბა, ოლიგარქი თუ გადადგება?!

– არც სჭირდება ოლიგარქს გადადგომა, ისედაც კულისებს მიღმაა.

– რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევას არ ვგულისხმობ, არამედ – ზოგადად ოლიგარქიულ სისტემას. სააკაშვილი ორჯერ იმიტომ გადადგა, რომ დარჩა ინსტიტუციების პატივისმცემლად. ოლიგარქები ასე არასდროს აკეთებენ. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ სააკაშვილის შეცდომებზე, ის დარჩა ინსტიტუციების პატივისმცემელ პოლიტიკოსად და ორჯერ გადადგა.

– ერთხელ 2007 წელს გადადგა და მეორედ როდის გადადგა?

– ვგულისხმობ იმას, რომ 2012 წელს მშვიდად წავიდა არჩევნების გზით, პატივი სცა არჩევნებს. აბა, ოლიგარქისგან რაიმე მსგავსს თუ დაინახავთ?! ფეოდალური წყობა ამ სისტემასთან შედარებით მონაგონია. ეს არის რუსული ოლიგარქიული სისტემა, რომელიც გამორიცხავს ინსტიტუტების პატივისცემას. ცალი ფეხი პარლამენტში მაქვს, მეორე – კაჭრეთში და მესამე – ზუგდიდში, ასე ბრძოლა არ გამოდის. თუ გინდა, ბოლომდე უნდა მიხვიდე.

– თქვენ არ შეხვალთ პარლამენტში?

– ძალიან მყარად ვიხრები არშესვლისკენ.

– თუ ყველა შევა?

– ამ ხელისმომწერების შესვლის შემდეგ აღარ არის ერთპარტიული პარლამენტი. ბოიკოტი ამის გამო გავაკეთეთ, რომ დაგვეტოვებინა ერთპარტიული პარლამენტი. დღეს ბრძოლის ველი სხვანაირი გახდა. ამიტომ ვერავის გავამტყუნებ ნაცმოძრაობიდან, რომლებიც შესვლაზე ფიქრობენ, მაგრამ მე, როგორც ერთი პოლიტიკოსი და ერთი პარტიის თავმჯდომარე, მაინც უკომპრომისო ბრძოლისკენ ვიხრები.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა