დღეს დილას თბილისში, პეკინის ქუჩაზე, პეკინზე საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა.
მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
იმ კორპუსის მე-5 სართულიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, ახალგაზრდა ქალი გადავარდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ცეცხლი კორპუსის იმ ნაწილში არ იყო გავრცელებული, სადაც აღნიშნული ქალი იმყოფებოდა. უშუალოდ ხანძრის შედეგად ადგილზე არავინ დაშავებულა.
გამოძიება დაადგენს, ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან გადახტა, თუ შემთხვევით გადავარდა. მოგვიანებით ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ადგილობრივების ვარაუდით, შემთხვევა სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
მეხანძრე-მაშველებმა პეკინის გამზირზე ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს. მომხდარის დეტალებზე ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112” -ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, პეკინის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. მისამართზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა, რამაც ხანძრის ზედა სართულებზე გავრცელება გამოიწვია.
მეხანძრე-მაშველებმა, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეზობელი ბინებიდან, უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეები გამოიყვანეს, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა როგორც სადარბაზოდან, ასევე, სახანძო კიბის საშუალებით.
პარალელურად, მიმდინარეობდა ქრობის აქტიური სამუშაოები.
არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და საშიშროება აღკვეთა. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი, ამ დროისთვის, უკვე ლიკვიდირებულია.
ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.