ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნაცმოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს.
– რატომ? რა არგუმენტებით მსჯელობთ ამაზე?
– ბოიკოტის ორივე ხელით მომხრე ვიყავი. ეს იყო ოპოზიციის ერთობლივი გადაწყვეტილება, როდესაც მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთ აზრზე იყო. დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ამ პროცესში, ამ პოლიტიკურ პროცესში ოპოზიციამ გარკვეული ეტაპები გაიარა წარმატებით და ეს იყო ჩვენი ერთიანობის დამსახურება, მაგრამ დღეს უკვე ეს რეალობა შეცვლილია. ის რეალობა აღარ არის, რომ თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნებოდა დაკმაყოფილებული, მაშინ ერთპარტიული პარლამენტი დარჩებოდა. ეს უკვე მრავალპარტიული პარლამენტია. ოპოზიციის ნაწილი შევიდა პარლამენტში, მათ მოაწერეს ხელი დოკუმენტს და, შესაბამისად, სულ სხვა რეალობა და მოცემულობაა.
ახლა ჩვენ, ერთი მხრივ, ჩვენ პრინციპებს არ უნდა ვუღალატოთ და ამავე დროს არ უნდა მივცეთ “ქართულ ოცნებას” საშუალება, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია დატოვოს თამაშგარე მდგომარეობაში.
– ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ თუ ნაცმოძრაობა პარლამენტს მიღმა დარჩება, მუდმივი ცეცხლი ექნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
– 100%-ით ვეთანხმები ხატიას. დაპირისპირების ახალი პოლუსი გაჩნდება. ჩვენი მთავარი ამოცანა ხომ ის არის, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და გავისტუმროთ ის ხელისუფლებიდან?! ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება კოორდინირებული მუშაობა სხვა პარტიებთან. თუ დავრჩებით პარლამენტს გარეთ, უკვე გაჭირდება მუშაობა იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში არიან.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა