17 წლის ინგილო სპორტსმენმა ხორვატიაში გაიმარჯვა

17 წლის ინგილო სპორტსმენმა ხორვატიაში გაიმარჯვა19 ივნისს ხორვატიის ქალაქ  პორეჩში მიმდინარე კადეტთა შორის ძიუდოს ევროპის თასზე აზერბაიჯანის მოქალაქე ინგილო ქართველმა ჭაბუკმა, 17 წლის ისლამ რაგიმოვმა გაიმარჯვა და გრან-პრის მფლობელი გახდა.

ჩვენი თანამემულე 55 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ფინალში იტალიელი ძიუდოისტი პიოტრო ანდრეინი დაამარცხა. ინგილო ძიუდოიტს უკვე მრავალი ჯილდო აქვს მიღებული აზერბაიჯანის შიდა რესპუბლიკურ შეჯიბრებებზე და საერთაშორისოი ტურნირებზე. 2020 წლის იანვარში იუნორთა შორის აზერბაიჯანის ჩემპიონიც გახდა. გასულ წელს  ესპანეთში გამართულ იუნორთა ძიუდოს ტურნირში კი მე-2 ადგილი მოიპოვა.

17 წლის ახალგაზრდა პერსპექტიული ძიუდოისტი ისლამ რაგიმოვი (ძველი ქართული გვარი იაშვილი) საინგილოდან, ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულიდანაა და სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას. მან წელს დაამთავრა სოფელ მოსულის სკოლის ქართული სექტორი და ამავე სოფლის ძიუდოს სკოლის აღზრდილია (მთავარი მწვრთნელი აბდურაჰიმ ალახვერდიევი).

ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულში 3000-მდე ჩვენი თანამემულე ცხოვრობს (მოსახლეობის 99% ეთნიკური ქართველია). სოფლის სკოლის ქართულ სექტორზე დღეისათვის დაახლოებით 150-მდე მოსწავლე სწავლობს, უფრო დიდი ნაწილი კი ამავე სკოლის აზერბაიჯანულ სექტორზე. ადგილობრივი ქართველები წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლები უკვე მრავალი წელია არ შეხვედრიან სოფელ მოსულის ქართულ მოსახლეობას და არ გაცნობიან მათ პრობლემებს.

როგორც ცნობილია ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ ინგილო ქართველებს პასპორტებში (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან მათი ნების საწინააღმდეგოდ ქართული გვარები შეცვლილი აქვთ აზერბაიჯანული გვარებით. ასე იქცა ქევხიშვილი „ველიევად“, მამულაშვილი „სემედოვად“, ბიჭიკაშვილი „შაბანოვად“, ნაცვლიშვილი „ჰაჯიმურადოვად“ და ა.შ.  ამდენად არაა გასაკვირი, რომ ისლამ რაგიმოვის (იაშვილი) წარმატება და გრან-პრის მოპოვება ხორვატიის ტურნირზე 19 ივნისს ქართული სპორტული მედიის ყურადღების მიღმა დარჩა. იმედია ამიერიდან აზერბაიჯანის მოქალაქე ჩვენი თანამემულის წარმატებებს ქართული სპორტული მედიაც გააშუქებს.

სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი