6 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან – 2015 წელს, ზაფხულის წვიმა დიდი სტიქიის მიზეზი გახდა. ადიდდა მდინარე ვერე, რის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ყველაფერი 23:35 საათზე დაიწყო – სტიქიას საფუძველი თრიალეთის ქედის კალთებზე ჩაეყარა. წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, დაცურდა კლდის მთლიანი ფენა. სპეციალისტები იხსენებენ, რომ მთას დაახლოებით 1,2 მილიონი კუბური მეტრი მიწის მასა მოწყდა. ჩამოშლილმა მიწამ გზის 650-მეტრიანი მონაკვეთიც წაიღო. ღვარცოფი დედაქალაქისკენ დაიძრა. მას თბილისამდე 10 კილომეტრი აშორებდა.
23:50 – დაძრულმა მასამ მდინარის გამტარი გვირაბი გაჭედა, რომელიც მალევე მდინარემ გაარღვია. გვირაში გაიჭედა ერთი მანქანაც. წყლის მასამ თანდათან მოიმატა, გართულდა მოძრაობა და წყალმაც ნელ-ნელა ყველაფერი დაფარა, მათ შორის – სახლები.
ამ დრომდე, ახალ გზაზე მოძრაობა ჩვეულებრივად გრძელდება. გვირაბთან მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე არავინ იცის.
00:35 – როდესაც ვერეს ხეობაში მაშველები მივიდნენ, ადგილობრივი ივლიტა ჯიბუტი, მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად დახმარებას ითხოვდა. მათ დასახმარებლად მაშველები წყალში შევიდნენ. ამ დროს წყალს სახლი უკვე გატაცებული აქვს, ივლიტას მეუღლე ხეს ეჭიდება და იქვე მყოფ გოგოებს ხელით იჭერს. თუმცა, ცოტა ხანში მოვარდნილმა წყალმა სამივე გოგო გაიტაცა. ივლიტას მეუღლე კი მაშველებმა გადაარჩინეს…
00:40 – იძაბება მოვლენები სვანიძის ქუჩაზეც. სულ მალე წყლის მასა წყნეთის ქუჩის მიმართულებით დაიძრა. წყალმა მომატება დაიწყო. ღვარცოფი მტკვართან დაამკავშირებელ გვირაბს დაეჯახა, ჩახერგა და ტალახში შერეულმა მასამ დაგუბება დაიწყო. რამდენიმე წუთში წყლის დონემ 10 მეტრს მიაღწია და გვირაბის ზევიდან გადავიდა.
განსაკუთრებით დრამატულად კი მოვლენები ახალ გზაზე განვითარდა.
მდინარე ვერეს ხეობაში მყოფი ადამიანები საფრთხის პირისპირ აღმოჩნდნენ. ხეობაში მოვარდნილმა წყალმა მობინადრეებთან ერთად წაიღო სახლებიც. სამაშველო ოპერაციისას ერთი მაშველი, ზურაბ მუზაშვილი ადგილზე დაიღუპა. საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ, ტრაგედიის ღამეს, მან 7 ადამიანი გადაარჩინა.
02:30 – წყალმა მთლიანად დაფარა ზოოპარკი. მოვარდნილ ღვარცოფს მისი სამი თანამშრომლი ემსხვერპლა. ზოოპარკის 600 მობინადრიდან ცხოველების ნახევარი დაიხრჩო, ნაწილმა კი გაქცევა შეძლო. შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა ქალაქში სპეციალური დანიშნულების რაზმები გამოიყვანა იმისთვის, რომ მტაცებლებს ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხე არ შეექმნათ.
თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ დაკარგულ ვეფხვებს… ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა.
13 ივნისის ტრაგიკული მოვლენები დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ, მდინარემ გვირაბის გარღვევა შეძლო და მტკვარს შეუერთდა.
მთავარი