მუქარის შემცველი წერილი პირადად გიორგი გახარიამ გამომცა, – „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე დუმილს არღვევს. ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი აღიარება ყოფილი პრემიერის გუშინდელ განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან იცრუა, რომ არავითარი წერილი არ არსებობდა.
– ყოველთვის ჩვენ ვამბობდით, რომ არანაირი შუამავალი არ არსებობდა. ეს იყო ჩვენთვის გადმოცემული წერილი. ვიყავით ადრესატები მე და მამუკა. მან წერილი გადმომცა პირადად მე. სად და როგორ შევხვდით, ეს პროკურატურამ უნდა გადაამოწმოს.
პროკურატურას აქვს გადაცემული წერილი, ასევე, ბრიტანეთის ლაბორატორიის მიერ გამოვლენილი თითის ანაბეჭდები. ყველა შესაძლებლობა ჰქონდა წლიწადნახევრის განმავლობაში პროკურატურას, რომ თუნდაც მე, ან მამუკა გამოვეძახებინეთ, დაესვათ კითხვები და ჩვენ აუცილებლად პასუხებს გავცემდით, მაგრამ ფაქტი ერთია, არაფერი სიახლე მე არ მითქვამს. ბატონმა გახარიამ გადმოგვცა ეს წერილი, რომელიც შეიცავდა მუქარას, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რა ვითარებაში გადასცა ყოფილმა პრემიერმა თიბისი ბანკის ხელმძღვანელს მუქარის შემცველი წერილი, ისევ უცნობია.
ტვ პირველი

