უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებით, უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა ერია და რუსები უკრაინაში ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ და არა მკვიდრ მოსახლეობას.
ამით კულებამ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ახლახანს გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა, როდესაც მან აღნიშნა, რომ „უკრაინელ ხალხს არამეგობრულ ხალხად არ თვლის და მიიჩნევს, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია“.
– უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა ერია. ჩვენ შეგვეძლო გვეცხოვრა, როგორც კარგ მეზობლებს, რუსეთი 2014 წელს თავს რომ არ დასხმოდა უკრაინას, არ მოეკლა ათასობით ადამიანი და არ მოეხდინა ჩვენი მიწების ოკუპირება. ჩვენს ერებს შორის უფსკრულის გაჩენაზე სრული პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება, რომელმაც აგრესია წამოიწყო.
უკრაინის მკვიდრი მოსახლეები არიან ყირიმელი თათრები, კრიმჩაკები და ყარაიმები. რუსები არიან ეროვნული უმცირესობა, რომლებსაც როგორც სხვა უმცირესობებს, კონსტიტუცია იცავს. მათ საკუთარი სახელმწიფო აქვთ და შესაბამისად ვერ ჩაითვლებიან მკვიდრ მოსახლეებად. ალტერნატიული ფანტაზიები კლასიკური რუსული მანიპულაციებია, – წერს კულება „ტვიტერზე“.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პუტინის კიდევ ერთ კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „უკრაინის ცხოვრების ძირითადი საკითხები არა კიევში, არამედ ვაშინგტონში, ნაწილობრივ კი ბერლინსა და პარიზში წყდება“.
– ჩვენ ადრეც გვინახავს ეს ფილმი: პუტინი საუბრობს „გარე მენეჯმენტზე“, რაც სინამდვილეში გულისხმობს: მას სურს უკრაინის საკითხები მოსკოვში წყდებოდეს. პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია და უკრაინელების ნება ცხადია: ეს ჩვენი ქვეყანაა და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული მისი ბედის გადაწყვეტა, – წერს კულება.
იპნ

