თამარ ჩხეიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ადრე ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გახარია ივანიშვილის პროექტი იყო:
– მახსენდებოდა ივანიშვილის სიტყვები იმაზე, რომ “ქართული ოცნების” ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ მას ჩაანაცვლებდა ახალი ძალა. ახლა დარწმუნებული არა ვარ იმაში, არის თუ არა გახარიას ახალი როლი და პარტია დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან.
“ქართულ ოცნებას” მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა უდგას. ეს, ფაქტობრივად, არის რეფერენდუმი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისათვის. ამ სიტუაციაში გახარიას პარტია ვერ იქნება “ქართული ოცნების” მოკავშირე. საპარლამენტო არჩევნები რომ იყოს, მაშინ “ქართული ოცნება” და გახარიას “საქართველოსათვის” მომავალ კოალიციაზე იქნებოდნენ ორიენტირებული.
ერთი რამ არის ნათელი – გახარია არის რუსეთის სარეზერვო ძალა. ივანიშვილის როლი ამაში გამოკვეთილი არაა. სავსებით შესაძლებელია, საქართველოში იყვნენ პრორუსული ძალები, რომლებსაც ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდეთ.
– გახარიას სხვა სუბიექტები ნებსით თუ უნებლიეთ აპიარებენ?
– ხელისუფლებამ, წესით, არ უნდა გააპიაროს. გახარიას პარტია “ქართულ ოცნებას” ხმებს წაართმევს.
– საექსპერტო საზოგადოებისთვის გახარია პროდასავლურად განწყობილი დიდი პოტენციალის მქონე ლიდერია.
– გახარია არის არასაიმედო ადამიანი, რომელსაც პასუხი მოეთხოვება ბევრ პრობლემაზე. მართალია, რაც შავდებოდა, ეს, უმთავრესად ხდებოდა ივანიშვილის ინიციატივით, მაგრამ გახარია იყო შემსრულებელი. მას ეკავა შს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები. მე გახარია რუსეთის ნების შემსრულებელი მგონია. ასე უცებ პატრონს ვერ შეიცვლიდა. ეს ასე არ ხდება.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა