ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას პარტიის გაკეთება და პოლიტიკაში დაბრუნება არ სურდა:
– არ გამოვრიცხავ, რომ ისინი, ვინც აიძულებენ მას ასეთი ქმედებისკენ, იყვნენ ივანიშვილის გავლენის ქვეშ.
– ანუ არიან შუამავლები მას და ივანიშვილს შორის?
– კი, ასეა და რაც ჩვენ ვიხილეთ, გახარიას გადაწყვეტილება არ იყო. გადავავლოთ თვალი მისი გუნდის წევრებს – ამ ადამიანებს რა პოლიტიკური წარსული ჰქონდათ? და რომ არა ნეპოტიზმი, ისინი როგორ მოხვდებოდნენ პარლამენტში და ასევე გახარიას გუნდში?! ბექა ლილუაშვილი 2014 წლამდე თიბისი ბანკში მუშაობდა, ან დაუშვილი რომ ავიღოთ, საიდან გაჩნდა ეს 25 წლის ბიჭი უეცრად ომბუდსმენად და მერე პარლამენტარად? რომ არა ნეპოტიზმი და შიდანაცნობობა, ამ ადამიანებს 100 წელი იქ არ ვიხილავდით.
– ასევე ზაზა თავაძე, რომელიც ადეიშვილის კადრი იყოო, ასე ამბობენ.
– კადრი კი არა, სადაც ადეიშვილი იყო, იქ იყო თავაძეც. ჯერ იყო გენპროკურატურაში მისი გენპროკურორობის დროს კადრების უფროსი, მერე იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე ადეიშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს და ბოლოს ადეიშვილი რომ მიდიოდა და მიხვდა, დარჩენის შანსი აღარ იყო, თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნა.
ქალბატონი ნათია მეზვრიშვილი საიდან მოდის, თუ არა ადეიშვილის კადრობიდან?
გახარიას გუნდში ვინც არის, 90% ნაცების დროინდელი კადრია.
– მისი დაფინანსება კეზერაშვილის გვარს დაუკავშირდა.
– ის, რომ გახარიას არ ეხამუშება ადეიშვილის კადრებით პარტიის შევსება, მაფიქრებინებს, რომ მას კავშირი შეიძლება ჰქონდეს კეზერაშვილთან.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა