“გახარიას მიმართ ინტერესი აშშ-ში გაცილებით მაღალია, ვიდრე ნაციონალების მიმართ” – მამუკა გამყრელიძე

"გახარიას მიმართ ინტერესი აშშ-ში გაცილებით მაღალია, ვიდრე ნაციონალების მიმართ" - მამუკა გამყრელიძემამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ-ში გიორგი გახარიას კარგად და მაღალ დონეზე ხვდებიან. ინტერესი მის მიმართ ბევრად მაღალია, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მიმართ.

– დასავლეთი ხომ არ გვიმზადებს გახარიას სახით ახალ მმართველს?

– ასე ნუ განვიხილავთ. სანამ კარგად არ გაიცნობენ ვიღაცას, ისე არავის არ მოგვიმზადებენ. დასავლეთისთვის სიჩქარე და სწრაფი გადაწყვეტილებები არ არის ჩვეული. ისინი ძალიან დიდხანს აკვირდებიან ადამიანს. ასევე აკვირდებოდნენ მისი პრემიერობის პერიოდში.

– 2024 წლამდე ჯერ კიდევ დროა.

– კი, ბატონო, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ, რომ მასზე დადებითი წარმოდგენა აქვთ. მას იცნობდნენ უცხოეთში, სხვადასხვა ბიზნესწრეებში. დიდი ხნის განმავლობაში უცხოეთში მუშაობდა და საკმაოდ წარმატებულად, მაღალ დონეზე, ამიტომ არიან ადამიანები, ვინც მიიტანდა სიტყვას იქ, სადაც საჭიროა, რომ ამ კაცის ნდობა შეიძლება ან არ შეიძლება.

რაც მთავარია, ის ახალი მოთამაშეა და ძალიან ხმაურიანი მოთამაშეა საქართველოს პოლიტიკურ ველზე. ცხადია, მისი გაცნობა ახლა მნიშვნელოვანია. ამიტომ მასთან შეხვედრები რომ უფრო მაღალ დონეზე იქნებოდა, უდავოა ეს ამბავი, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობასთან.

ინტერესი დღეს გახარიას მიმართ ძალიან მაღალია. გაცნობის დონეც საკმაოდ მაღალი იქნებოდა. ამის შემდეგ დააკვირდებიან. მე გახარიას ვიცნობ, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანს, რომელსაც აქვს რაღაც ხედვა საქართველოს განვითარების. ის ჯერჯერობით ნაკლებად პოლიტიკური ფიგურაა, ჯერ სწავლობს პოლიტიკას, მაგრამ ბევრად უფრო გაწაფულია სახელმწიფოებრივი მართვის საკითხებში.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა