ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია ივანიშვილის ორსვლიანი კომბინაციის ნაწილია, რომელიც გათვლილია ჯერ თვითმმართველობისა და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის:
– მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის რჩება ივანიშვილის სურვილების შემსრულებლად. საცოდავი სანახავია ადამიანი, რომელიც თითქოს ოპოზიციაშია და, ამავე დროს, ერთ გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ამბობს ხელისუფლებაზე. ასეთი ფსევდო და სატელიტი ოპოზიცია არც ერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა.
– სატელიტია გახარია?
– აბა რა არის! საქართველოს დამოუკიდებელი პოლიტიკის 30- წლიანი ისტორიის ფარგლებში ასეთი რამ არავის ახსოვს. მეტ-ნაკლებად საღად მოაზროვნე ადამიანი დარწმუნებულია, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია. ასე შემიძლია ვთქვა – გიორგი გახარია ირმა ინაშვილია შარვალში. ინაშვილიც ხომ ხან კობახიძის პოლიტიკას ამხობდა და ხან ივანიშვილის მეორე, მესამეხარისხოვანი მარიონეტისას. გახარიამ დაადასტურა, რომ კობახიძის ოპოზიციაა და არა ივანიშვილის.
– ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში “ოცნება” კოალიციას გახარიასთან შეკრავს და ამ მიზნით არის შემოსული?
– რასაკვირველია! გახარია ივანიშვილის რამდენიმე კომბინაციის ნაწილია. გაჭირვების შემთხვევაში კოალიციას შეკრავს მასთან. ამიტომ ასაღებენ ოპოზიციად, რომ მერე თქვან, როგორი დემოკრატი მმართველები არიან, რომ ოპოზიციასთან შეკრეს კოალიცია.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა