„საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ საქართველოს პირველ არხთან ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე კარიერას საფრანგეთში, ლიგა 2-ის „გრენობლში“ განაგრძობს.
„ეს ამბავი გადაწყვეტილია. გუნდმა ოფიციალური შემოთავაზება მიიღო და ჩვენ გიორგის ხელს არ შევუშლით, რადგან მას „საბურთალოს“ წინაშე დიდი დამსახურებები აქვს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
კახა კაშიამ ტრანსფერის დეტალებზეც გველაპარაკა:
„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ფაქტში ნდობაა – გიორგი ახლა მომჯობინდა და ვარჯიშს მალე დაიწყებს, ფრანგებს კი იმედი აქვთ, რომ კოხრეიძე მათ წინსვლაში დაეხმარებათ. ფრანგებმა გიორგისთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს“.
„გრენობლი“ ამბიციური და ტრადიციული კლუბია, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებას ცდილობს. დასრულებულ სეზონში გუნდი პლეი ოფში „ტულუზასთან“ 0:3 დამარცხდა და ეს შანსი ვერ გამოიყენა. 2018–2019 წლებში „გრენობლში“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური თამაშობდა.