მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კახა კალაძე ორჭოფულ მდგომარეობაშია:
– მას უნდა თამაშიდან სუფთად გასვლა და არ უშვებენ. ვერ გავა ასე მარტივად. ვაჟკაცობა უნდა ეყოს კალაძეს, რომ უარი უთხრას “ოცნებას” მერობაზე. მას 100%-იანი ექნება გადაცდომები. იმიტომ, რომ ქალაქი ისეთი სტრუქტურაა, სხვანაირად შეუძლებელია. ამიტომ ყურს აუწევენ ყოველთვის. ამიტომ სუფთად გამოსვლა, ჟარგონზე რომ ვთქვათ, არ მოსულა. გახარიაზე უარეს დღეში ჩააგდებენ.
– კალაძეზე მეტი კომპრომატები ექნებათ?
– ნუ იტყვით! არ ვისურვებდი კალაძის მდგომარეობაში ყოფნას.
– რა მოლოდინი გაქვთ?
– მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ იკადრა, ერთმანეთს ბულინგის ენით და ლანძღვა-გინებით დაუწყო ლაპარაკი და მერე ნელ-ნელა ყველა შელაგდა პარლამენტში, ამის შემდეგ, მათგან არანაირი მოლოდინი არ მაქვს. იმდენი ვერ უნდა გაეთვალა ნაცმოძრაობას, რომ მასაც მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა?! უბრალოდ, კომენტარის გაკეთებაც კი აღარ მინდა ამ ყველაფერზე.
ერთადერთი, იმის იმედი მქონდა, რომ გახარია შეაჯანჯღარებდა სიტუაციას და ცვლილებებს შემოიტანდა, მაგრამ მანაც ისეთი უკბილო განცხადებები გააკეთა, რომ რა გითხრათ. მოაწყო პრესკონფერენცია და დაჯდა იქ პრემიერ-მინისტრივით და უთამადა ჟურნალისტებს. აი, აქ მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ვერ არის გამოსული პრემიერობის როლიდან.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა