პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კობახიძე ბევრ პროცესზეა პასუხისმგებელი:
– სწორედ კობახიძემ დაიწყო თავის დროზე ჯერ კიდევ რესპუბლიკელების ჩაძირვა. კობახიძემ ჩაძირა და გაისტუმრა კვირიკაშვილი. კობახიძე ითვლებოდა ბიძინას გუნდში, როგორც ყველაზე სანდო, საიმედო, ერთგული პირი “ქართულ ოცნებაში”. ამიტომ სწორედ ის აგებს პასუხს იმაზე, სადამდეც მივიდნენ. ივანიშვილი რომ მხარს უჭერდა კობახიძეს, მე სულაც არა ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა კმაყოფილი იყო კობახიძით, თუმცა მას სხვა აღარავინ დარჩა.
ივანიშვილის თვალში ის წარმატებულია, თუმცა ძალიან ბევრი პრობლემაც დააგროვა. ახლა დაავალა, მიდი და მიხედე ბოლომდე ამ გახარიას, ის როგორ გაგიძვრაო. ივანიშვილს კობახიძემ შეუქმნა წარმატება და ისევ კობახიძე იქნება, რომელიც შეუქმნის პრობლემებს. სწორედ კობახიძე შეიძლება აღმოჩნდეს “ქართული ოცნების” მესაფლავე! ეს ძალიან დამაფიქრებელი უნდა იყოს ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ მან ყველა ნორმალური ადამიანი მოიცილა გვერდიდან და შერჩა რაღაც კვაზი, ფეიკ “ქართული ოცნება” კობახიძეების, მდინარაძეების, ოხანაშვილებისა და მურუსიძეების სახით, რომლებმაც, შესაძლოა, ჩამოაქციონ და დაანგრიონ მთელი “ქართული ოცნება”.
– ანუ დღეს კობახიძის ხელშია “ოცნების” ბედი?
– კი, კობახიძის ხელშია, თუმცა კობახიძის თამაშები აბსოლუტურად არ ეხება კალაძეს. ის სრულიად დამოუკიდებელი ფიგურაა. “ოცნება” თუ ჩამოიშალა, კალაძე მაინც დარჩება ცალკე პატარა კუნძულივით. კალაძე ძალიან ჭკვიანურად მუშაობს. ის არც ებრძვის “ოცნებას” და არც აშენებს. ის მომავალზე ფიქრობს. ნონა ცაბაძე, ახალი თაობა