თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მოხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 4 პაციენტი მკურნალობას კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ განაგრძობს. როგორც ექიმ-რეანიმატოლოგმა ალექსანდრე მხარგრძელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოთხიდან სამი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 4 პაციენტი. 3 პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ხოლო 1 პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დაშავებულთაგან ერთ-ერთი არის არასრულწლოვანი, მისი მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმეა. მას აქვს პოლიტრავმის დიაგნოზი, რაც ნიშნავს მრავლობით ტრავმას.
კლინიკაში სულ 5 პაციენტი შეიყვანეს, მათგან ერთი გარდაიცვალა. ოთხი პაციენტი, რომელიც კლინიკაშია, ამჟამად პოლიტრავმის დიაგნოზით მკურნალობენ და შესაძლოა პაციენტებს საჭიროებისამებრ ჩაუტარდეთ ოპერაცია“,- განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.
ცნობისთვის, კრწანისის ქუჩაზე, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
იპნ