კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია გარკვეულ მუნიციპალიტეტებში საკმარის მხარდაჭერას მიიღებს:
– არც იმას გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობას გაუჭირდეს მისი პარტიის მონაწილეობის გარეშე ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება. მას შეეძლება გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა საკრებულოებში.
– რამდენად შესაძლებელია, დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნები დადგეს?
– გიორგი გახარია და სხვა ოპოზიციური პარტიები ერთად “ქართულ ოცნებას” პრობლემას შეუქმნიან, მაგრამ ცალკე აღებული, მაგალითად, “ევროპული საქართველო”, “გირჩი” ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის “ქართულ ოცნებას”.
– გახარია?
– გახარიაც, ცალკე აღებული, მათ რიგშია. ვერანაირ პრობლემას გახარია “ოცნებას” 43%-ის მოგროვებაში ვერ შეუქმნის.
– გახარიასა და დანარჩენი ოპოზიციის თანამშრომლობას, თუნდაც ერთიანი კანდიდატის ირგვლივ, უშვებთ?
– გახარიამ გამორიცხა თანამშრომლობა ნაციონალურ მოძრაობასთან. თუმცა, ის არ გამორიცხავს კონკრეტულ საკითხებზე,თუ ამას სახელმწიფო ინტერესები მოითხოვს, ყოველგვარი წითელი ხაზების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება.
– ივანიშვილის წერილის შემდეგ გახარიასა და “ოცნების” თანამშრომლობა წარმოგიდგენიათ?
– თვითონ გახარიამ დაუშვა შესაძლებლობა, რომ ყველასთან ითანამშრომლოს.
– გახარიამ კი, მაგრამ “ოცნებამ”?
– თუკი მისთვის მნიშვნელოვანი იქნება სხვა პარტიის დახმარება 43%-ის ჭრილში, რატომაც არა, სულაც არ გამოვრიცხავ. თუ “ოცნებას” დაჭირდება, ის დაიწყებს მოლაპარაკებებს გახარიასთან მომავალი მთავრობის დაკომპლექტებასა და პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა