კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილი ოღონდ დარჩეს ივანიშვილის საყვარელ ოპოზიციად, ყველაფერს გააკეთებს, რათა გაუფუჭოს სახელი გახარიას.
– სააკაშვილი ვაშინგტონის სასტუმროში მიზანმიმართულად მივიდა?
– სააკაშვილისგან ასეთები მოსულა. დარწმუნებული ვარ, გახარია სააკაშვილს მართლა არ შეხვედრია. ეს “ქართულმა ოცნებამაც” კარგად იცის, თუმცა ვნახეთ, ამაზე რამხელა ისტერიკა ასწია. აი, ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, თუ რა პანიკაშია დღეს “ქართული ოცნება” გახარიას გამო. სადღაც სააკაშვილის ჩრდილმა ჩაიარა და უნდათ, რომ მიაწებონ ეს იარლიყი, რომ, არიქა, შეხვდნენ. რაში სჭირდება დღეს გახარიას სააკაშვილთან შეხვედრის გამჟღავნება?!
– შეეძლო, კონსპირაციულად შეხვედროდა და არა ასეთ ცნობილ სასტუმროში?
– რასაკვირველია. სააკაშვილის გვერდით გავლაც კი მას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. ეს გახარიამაც მშვენივრად იცის. ამიტომ ეს ყველაფერი არის აბსურდული და “ქართული ოცნების” ისტერიული ფანტაზიის ნაყოფი. ეს კიდევ მეტად გიბიძგებს იქითკენ, რომ თქვა, ჯობია, დღეს ხმა მივცეთ გახარიასო. გახარიამ 8%-ც რომ აიღოს, ძალიან კარგია. მართალია, ის ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დააზარალოს “ოცნება”.
დასავლეთის მხრიდანაც სერიოზულია ინტერესია. როგორც წესი, ახალგამომცხვარ პარტიას დასავლეთში ასე არ ხვდებიან. ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზულად უყურებენ გახარიას. დღეს საზოგადოებაში არის მოლოდინი მესამე ძალისა და ამ ილუზიას გახარია ქმნის. მისი რეიტინგიც ამას ამბობს. ოპოზიციას თუ უნდა ივანიშვილის ჩამოშლა, მაშინ არ უნდა დაარტყას გახარიას. “ოცნების” ჩამოშლა დღეს მხოლოდ გახარიას შეუძლია.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა