„რუსეთი მუდმივად მზად არის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლის გაძლიერებას ყოველთვის მხარს ვუჭერდით. ჩვენ ვეხმარებით გაეროს რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში და უმნიშვნელოვანესი როლი ვითამაშეთ ლიბიასა და სირიაში სიტუაციის დასტაბილურებაში. როგორც იცით, რუსეთმა მთავარი როლი შეასრულა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში.“-ეს სიტყვები ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. მაგრამ, სინამდვილეში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლს საერთაშორისო ურთიერთობებში რუსეთი სრულად და მუდმივად უგულვებელყოფს. უფრო მეტიც, ორგანიზაციის წევრად მხოლოდ ვეტოს უფლების შენარჩუნებისთვის რჩება, როგორც „პარაზიტი“ და გაეროს წესდების ძირითად მუხლებს არღვევს ყველგან, სადაც შეუძლია. 2008 წლის სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე ამის ნათელი მაგალითია.
გაინტერესებთ, სინამდვილეში რას აკეთებს რუსეთი ლიბიაში, სირიასა და ყარაბაღში? ლიბიით დავიწყოთ. მას შემდეგ, რაც ლიბიაში 2011 წელს დიქტატორ მუამარ კადაფის რეჟიმი დაემხო, საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ ტრიპოლის ხელისუფლებას ქვეყნის აღმოსავლეთში მყოფი ხალიფა ჰაფთარის ნაციონალური არმია ებრძვის. პუტინი, რომელიც თურმე საერთაშორისო ურთიერთობებში გაეროს როლის გაძლიერებაზე ზრუნავს, რატომღაც ლიბიაში მხარს სწორედ იმ რეჟიმს უჭერს, რომელსაც ორგანიზაცია არ აღიარებს. უფრო მეტიც, გაეროს ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ოქტომბრიდან ლიბიაში კრემლის კერძო სამხედრო კონტრაქტორი კომპანია „ვაგნერის“ 800-დან 1 000-მდე დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. მათი უმეტესობა ეროვნებით რუსია. ამასთანავე, სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებებით ირკვევა, რომ ლიბიაში ჰაფთარის მხარდასაჭერად გაეროს ანგარიშში ნახსენებ ოფიციალურ რიცხვზე ბევრად მეტი, 2000-მდე რუსი დაქირავებული სამხედრო იბრძვის. კერძო სამხედრო კონტრაქტორი კომპანიის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლველად გაშვება საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა და ასეთი ქმედება ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისგან ძალიანს შორს არის.
ლიბიის გარდა, რუსი დაქირავებული მებრძოლები სირიაში ბაშარ ალ-ასადის მხარესაც იბრძვიან. ასადის რეჟიმი არაერთი „ომის დანაშაულით“ არის ცნობილი, რაშიც რუსი სამხედროების წვლილიც დიდია. 2018 წლის აპრილში, სირიის სამთავრობო ძალებმა ალყაში მყოფი ქალაქის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომელსაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასადის რეჟიმი სწორედ რუსეთმა წააქეზა და თავდასხმაში მოსკოვის კვალზე მიუთითებენ.
სირიაში მოღვაწე ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების ანგარიშების თანახმად, რუსებს სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ჰყავთ მოკლული. ინტერნეტში ვიდეო კადრებიც კი ვრცელდებოდა, რომელშიც სავარაუდოდ „ვაგნერის“ მებრძოლები სირიელ აჯანყებულებს სასტიკად აწამებდნენ.
მაშინ, როდესაც პუტინი კონფლიქტების დასტაბილურებით თავს იწონებს, რუსეთის წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის „მემორიალი“, კრემლს სირიაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშად დარღვევაში ადანაშაულებენ. ორგანიზაციებმა 198 გვერდიანი ანგარიში, სახელწოდებით „დამანგრეველი ათწლეული: ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები სირიის ომში” გამოაქვეყნეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დოკუმენტის საშუალებით, ოფიციალურ მოსკოვს სირიის კონფლიქტში მისი როლისა და სამოქალაქო პირების მკვლელობის გამო, თავად რუსი უფლებადამცველები აკრიტიკებენ.
უფლებადამცველების ანგარიში სირიაში სამოქალაქო პირების მკვლელობასა და ასადის რეჟიმის მხარდაჭერაში, პირდაპირ რუსეთს ადანაშაულებს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი ქიმიური იარაღის გამოყენებით მასობრივ და სასტიკ მკვლელობებშია ბრალდებული. სწორედ ამ პროცესებში ასრულებს კრემლი მთავარ როლს და შესაბამისად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზეც პასუხისმგებლობა ეკისრება.
ახლა გავიხსენოთ, თუ რას აკეთებს პუტინი ყარაბაღში. დავიწყოთ იმით, რომ რუსეთი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა. საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, როგორც მოლაპარაკებების წევრი, ოფიციალური მოსკოვი მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიებაში უნდა იყოს, თუმცა პუტინის მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში მართვადი ქაოსის შენარჩუნებაა. ყარაბაღის კონფლიქტში, რომელშიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კრემლი დომინანტ ძალად პოზიციონირებდა, მოსკოვმა ორმაგი სტანდარტები არაერთხელ გამოავლინა. წლების მანძილზე, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით, იარაღით კონფლიქტის ორივე მხარეს ამარაგებდა და ამით დეესკალაციას ხელს უშლიდა. 2020 წლის ნოემბერში, როდესაც ბოლო ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, მოსკოვის მონაწილეობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო. პუტინი კი ამბობს, რომ „რუსეთი მუდმივად მზად არის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“, მაგრამ შეთანხმების მიღწევაში მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეები არ ჩართო. უფრო მეტიც, შეთანხმების გარანტორებად ყარაბაღში რუსი ჯარისკაცები ჩავიდნენ. ამ რუსულ ძალებში მეთხუთმეტე მექანიზებული ბრიგადის (როშჩინსკი, სამარის ოლქი) დაახლოებით 2000 ჯარისკაცი შედის. ხსენებული ბრიგადა რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეორე არმიის ნაწილია. რუსებმა განაცხადეს, რომ მისიაში ჩართულ „პრაქტიკულად ყველა“ სამხედროს სირიაში სამსახურის გამოცდილება აქვს. შეთანხმების თანახმად, რუსული სამხედრო პოლიცია ადგილზე რეგულარულ პატრულირებას განახორციელებს. ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელ ლაჩინის დერეფანს რუსული ჯარი გააკონტროლებს. რუსები ყარაბაღში, სულ მცირე, ხუთი წელი დარჩებიან. თუმცა, თუკი ხუთწლიანი ვადის ბოლოს ერთ-ერთი მხარე მათ გასვლას არ მოითხოვს, შეუძლიათ განუსაზღვრელი ვადით დარჩნენ სადავო ტერიტორიაზე.
დიდი შემრიგებლის როლში, კრემლი სინამდვილეში საკუთარი გავლენის გამყარებაზე ზრუნავს. 2000-მდე რუსი სამხედრო „მშვიდობისმყოფელის“ რანგში გვევლინება, თითქოს არ გვახსოვდეს რომ 2008 წლის აგვისტოში ქართველებს სწორედ რუსი სამშვიდობოები ესროდნენ. ლიბია, სირია და ყარაბაღი საერთაშორისო თანამშრომლობის მაგალითები არ არის. პუტინი ცრუობს, როდესაც საკუთარ ხალხს მოგვარებულ კონფლიქტებზე ესაუბრება. სინამდვილეში, ოფიციალური მოსკოვი არაერთ საერთაშორისო ნორმას არღვევს, არაფრად აგდებს გაეროს როლს და უკანონოდ ერევა სხვა ქვეყნების ურთიერთობებში. რუსეთი დიდი ხანია გლობალურ არენაზე დესტრუქციულ ძალად ჩამოყალიბდა და ებრძვის ყველაფერ იმას, რაც დასავლური სამყაროსთვის ასე მნიშვნელოვანია. კრემლი თავისუფლებისა და სამართლიანობის მთავარი მტერია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
თენგიზ ფხალაძე

