ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთში პანდემიის მეოთხე ტალღაა:
– რუსი ტურისტების უკონტროლოდ შემოშვება არ შეიძლება, რუსეთში ნებისმიერი ცნობა იყიდება. ორჯერ ვაქცინირებულის ცნობასაც კი მშვენივრად გაჩვენებენ. მიკვირს, შარშან ჩაკეტილ ქვეყანაში ამდენი რუსული მანქანა როგორ შემოდიოდა. ვინ რა გააკეთა 2020-ში და რატომ იყო ამდენი რუსი ტურისტი? დღეს რუსეთში რეალური აფეთქებაა. საშინელება მოხდება, თუ ჩვენკენ ტურისტები დაიძვრებიან რუსეთიდან, სადაც საერთოდ არ არის ვაქცინაციის პროცესი და თანაც ცნობის ყიდვა შეიძლება…
– ანუ მეოთხე ტალღა არ აგვცდება?
– პირადად მე ჩავკეტავდი და ძალიან გავამკაცრებდი მაგათ შემოსვლას, რომ მეოთხე ტალღა არ მივიღოთ.
– არის ჩვენი ხელისუფლება ამის გამკეთებელი?
– ჩვენს ხელისუფლებაზე ძალიან ცუდი წარმოდგენა მაქვს. ფაქტობრივად წარმოდგენა საერთოდ აღარ მაქვს. თუ გვინდა რაიმე შედეგი, მაშინ უნდა შეიცვალოს სისტემა. ამ სისტემით არანაირი შედეგი არ გვექნება. წითელ ზონად დაასახელეს ჩვენი ქვეყანა, სადაც არ ურჩევენ ტურისტებს ჩამოსვლას. ამერიკა არ ურჩევს თავის მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას.
– ანუ მივიღებთ მეოთხე და მეხუთე ტალღასაც?
– ასეთ სიტუაციაში მივიღებთ, ხოლო თუ კარგად ვიმუშავებთ, ავცდებით. გააკეთებინონ საქმე იმ ხალხს, ვინც ეს კარგად იცის. სხვა შემთხვევაში საშველი არ იქნება.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა