საფრანგეთში ქალმა მოკლა ქმარი, რომელიც მას მეძავად მუშაობას აიძულებდა

საფრანგეთში ქალმა მოკლა ქმარი, რომელიც მას მეძავად მუშაობას აიძულებდასაფრანგეთში ყურადღების ცენტრშია სასამართლო პროცესი, სადაც განსასჯელის სკამზე ზის ქალი, რომელმაც მასზე მოძალადე ქმარი მოკლა. მკვლელობა მისივე აღიარებით, 2016 წელს ჩაიდინა, ამჯერად კი ქალის გათავისუფლების პეტიციას ხელი 600.000-მა მოქალაქემ მოაწერა.

ბრალდებული ქალი ვალერია ბაკოტი ამტკიცებს, რომ მის მიერ მოკლული მამაკაცი ქალის მამინაცვალი იყო და მასზე ბავშვობიდან ძალადობდა, შემდეგ კი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა და 4 შვილი გაეჩინა. ქალის აღიარებით ჩვენებში ასევე წერია, რომ ცხედრის გადამალვა ორი შვილის დახმარებით შეძლო.

ვალერია ბაკოტის ადვოკატების მტკიცებით, მოკლული მამაკაცი მასზე 25 წლის განმავლობაში ძალადობდა. მკვლელობის საბაბად კი საბოლოოდ იქცა შიში, რომ მამაკაცის მსხვერპლი შემდეგ მისი ქალიშვილი იქნებოდა.

ბაკოტის მტკიცებით, მოკლული მასზე 25 წლით უფროსი იყო და ძალადობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ის მხოლოდ 12 წლის იყო. ცოლ-ქმრობის პერიოდში კი აიძულებდა, სექსმუშაკად ემუშავა.

ადვოკატის განცხადებით, ძალადობის მსხვერპლი ქალები დაუცველები არიან, სასამართლო ხელისუფლება კი მსგავსი მოძალადე დამნაშავეების მიმართ ზედმეტად რბილია, ამიტომ ასეთი მსხვერპლი ქალები იძულებული ხდებიან, სასოწარკვეთილების დროს თავის გადასარჩენად მკვლელობაც კი ჩაიდინონ.

რუსთავი 2