მიუნხენის ალიანც არენას სტადიონი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გერმანია-უნგრეთის მატჩის დროს ცისარტყელას ფერებში არ განათდება.
ადმინისტრაცია გეგმავდა, რომ სტადიონი ცისარტყელას ფერებში გაენათებინა. რითაც პროტესტს გამოუცხადებდა უნგრეთის ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანაში ლგბტ პირების უფლებების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო.
ევროპის ფეხბურთის ასოციაციამ მიუნხენს უარი განუცხადა, სტადიონი ცისარტყელას ფერებში გაენათებინა.
ფეხბურთის ასოციაცია არის პოლიტიკურად და რელიგიურად ნეიტრალური ორგანიზაცია. სტადიონის ცისარტყელას ფერებში განათება კი პოლიტიკურ კონტექსტს შეიცავს, რაც ჩვენთვის მიუღებელია – აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებით, მიუნხენის სტადიონი გერმანიისა და უნგრეთის ქვეყნების ფერებში განათდება, სადაც ევრო 2020-ის ლოგო იქნება გამოსახული.
ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს ხვალ გერმანიისა და უნგრეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. თამაში გერმანიაში გაიმართება.
15 ივნისს უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში არსებულ სექსუალურ უმცირესობებს უფლებები ეზღუდებათ.
ტვ პირველი