ვარკეთილში კაზინო 777-ის დაცვის თანამშრომლებმა მოქალაქე სცემეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. დაზარალებულის ინფორმაციით, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ის დაცვამ სამორინედან გააგდო, რის გამოც მან კაზინოს თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი ფრაზა მიაძახა.
– რამდენიმე დღის უკან გამომაძევეს ე.წ. კაზინო 777-დან ვარკეთილის ფილიალიდან და რომ ვკითხე, რაზე, აი, ასე მინდაო, დღეს უნდა დაისვენოო. დაახლოებით 7 ის ნახევარი იქნებოდა, აი, ბიბლუსთან ვიდექი, მივდიოდი, ვარკეთილში ვცხოვრობ, მეორე მიკროში. ჩერდება დაცვის „ვიქტორიის“ მანქანა, გადმოდის კაზინო 777-ის დაცვის 2 თანამშრომელი, ერთ-ერთს კარგად ვიცნობ და ულაპარაკოდ, უსიტყვოდ დამცხეს, უმოწყალოდ მცემეს, – ამბობს მოქალაქე.
ინციდენტის შემდეგ მან ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველები ფაქტით არც კი დაინტერესდნენ.
– საპატრულო მალე მოვიდა, მაგრამ აზრი რა არის? ისინი უკვე წასულები იყვნენ. საპატრულო მოვიდა, ვთქვით, რა მოხდა, ჩაიწერეს და წავიდნენ… პროტესტის ნიშნად ხელიც აღარ მომიწერია. სანამ საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მოვიდოდა, მოვიდა აქ აგენტი თეთრი ტაქსით, პრიუსით და რატომ აგინებდიო, ახლა გამომძიებელმა დამირეკაო და დაიწყო გამოძიებაო, – ამბობს დაზარალებული.
ცოტა ხნის წინ ნაცემ მამაკაცს გამომძიებელი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის მიუხედავად, ადგილზე სამართალდამცველები არ გამოჩენილან.
ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ კაზინო 777-ის თანამშრომლები.
ტვ პირველი