“ვატო ყიფიანი 2 თვის წინ თბილისში იყო დაკითხვაზე ჩამოსული და მერე კიევში წავიდა” – ადვოკატი მარიკა ფხალაძე

"ვატო ყიფიანი 2 თვის წინ თბილისში იყო დაკითხვაზე ჩამოსული და მერე კიევში წავიდა" - ადვოკატი მარიკა ფხალაძეგანზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული ვატო ყიფიანის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას გაურკვევლობას უკავშირებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარიკა ფხალაძემ განუცხადა, ყიფიანს ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს და შესაბამისად, არც გამოძიების მასალებს იცნობს.

“ახლა გამოვედი საერთაშორისო აეროპორტიდან. შევხვდი მას და ვესწრებოდი დაკავების პროცესს. დააკავეს მკვლელობის მცდელობის საქმეზე, რომელზეც მოწმის სახით ერთხელ უკვე იყო დაკითხული, გამოუშვეს, გამოძიება მიმდინარეობდა და დღეს დააკავეს. მასალები ჯერ არ გადმომცემია. არ ვიცი რა მოიპოვეს მისი დაკითხვის შემდეგ. საფუძველი არის ის, თითქოს მას ჰქონდეს ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 20 წლამდე ვადით. თითქოს მოსალოდნელია სასჯელის შიშით დაიმალოს და ობიექტური გამოძიების ჩატარების საშუალება არ მისცეს გამოძიებას, რაც აბსურდია! ამის შიში რომ ჰქონოდა, დაკითხვაზეც არ მივიდოდა. არანაირი საფუძველი მისი დღეს დაკავების არ არსებობდა, ვფიქრობ, გაურკვევლობაა.

ნამდვილად უკავშირდება ძმები ფეიქრიშვილების საქმეს მისი დაკავება, თუმცა, რა ახალი მტკიცებულებები მოიპოვა გამოძიებამ, არ ვიცით. 2 თვის წინ თბილისში დაკითხეს, დაბარებული იყო, უკრაინიდან ჩამოვიდა, დაკითხეს რამდენიმე დღეში უკან წავიდა. დღეს ისევ ჩამოვიდა, ამ ჩამოსვლას მოჰყვა გაურკვეველი მიზეზებით მისი დაკავება. დაკავებიდან 48-საათის განმავლობაში ან ბრალი უნდა წაუყენონ, ან გაათავისუფლონ, თუკი საკმარისი საფუძველი ვერ ნახეს ბრალის წასაყენებლად“, – განაცხადა ფხალაძემ.

ადვოკატი აცხადებს, რომ ვატო ყიფიანს თავისუფლება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის 1-ელი საათიდან ჰქონდა აღკვეთილი, ოფიციალურად მისი დაკავების დროდ კი, ოქმში 20:00 საათია მითითებული.

იპნ