2021 წლის 13 იანვარს ასპინძის რაიონში ავარია მოხდა, რომელსაც 66 წლის ქალი ემსხვერპლა.
2 შვილისა და 2 ობოლი ძმისშვილის გამზრდელი, 66 წლის ნორა ქუქჩიშვილი, სოფელ ტოლოშთან გზაზე გადადიოდა, როდესაც ავტომობილი დაეჯახა.
ქალი დაიღუპა. შემთხვევის ერთადერთ მოწმედ მხოლოდ თვითონ საჭესთან მჯდომი მამაკაცი აღმოჩნდა.
შემთხვევას ის ისე აღწერს, რომ ქალის გარდაცვალებაში მთავარი დამნაშავე თავად გარდაცვლილი გამოდის. შეიძლება ასეც იყო, მაგრამ რამდენად სანდოა ეჭვმიტანილის მონათხრობი? ნებისმიერი მძღოლი, რომელსაც ადამიანი შემოაკვდება, ბუნებრივია, შეეცდება საკუთარი თავის გამართლებას და დანაშაულზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
ამიტომ ეჭვმიტანილის მონაყოლს საფუძვლიანი გადამოწმება სჭირდება, მაგრამ როგორ უნდა გააკეთო ეს, როდესაც არ გყავს მეტი არცერთი მოწმე? ამისთვის არსებობს საგამოძიებო ექსპერიმენტი და სწორედ ასეთი ექსპერიმენტის ჩატარებას მოითხოვს დაღუპულის ოჯახი, მაგრამ პროკურატურისგან გაუგებარ უარს იღებს.
ამ დროს ოჯახს სამართლიანი მოთხოვნა აქვს – ქალს ვეღარ გააცოცხლებენ, მაგრამ უნდათ იცოდნენ: თვითონ იყო ის თუ არა უბედური შემთხვევის მიზეზი. და კიდევ – მაშინვე გარდაიცვალა თუ დროული დახმარების შემთხვევაში მისი გადარჩენა შეიძლებოდა.
მთავარი