“ტრიბუნას” თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს:
– ეს იყო ეკლესიის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, ასევე – ჟურნალისტების წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაცია. ხალხი სპეციალურად იყო ჩამოყვანილი და ეს არ იყო ეკლესიის მიერ ორგანიზებული. მიზანი იყო ჟურნალისტების დარბევა და კარვების აღება-დაზიანება. თითქოს ვის წინააღმდეგაც ეს აქცია იყო მიმართული, მე ის ადამიანები, უბრალოდ, არ მინახავს. მათ გადადეს თავიანთი ღონისძიება. მაშინ, რა უნდოდათ? ვის ერჩოდნენ? ხელისუფლებამ ომი ჟურნალისტების წინააღმდეგ დაგეგმა. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია.
– რატომ, რად უღირდათ? ამას ძალიან მძაფრი და კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
– დიახ, ზიანი მიაყენეს ქვეყანას და მათ კარგად იცოდნენ, რაც შეიძლებოდა, ამას მოჰყოლოდა, მაგრამ მაინც წავიდნენ ამაზე, რათა შური ეძიათ. ყოველ შაბათ-კვირას ჟურნალისტური გამოძიება გადის სხვადასხვა მედიაში. იქ გასული ინფორმაციის მიხედვით, აქამდე ეს ხელისუფლება ან ციხეში უნდა იყოს, ან სახლში.
მეორე, ამ ყველაფრის პირდაპირი ადრესატი იყო ეკლესია და პატრიარქი. ყველაზე მეტად ეკლესია, მისი ავტორიტეტი დაზარალდა. ეკლესია არის ერთადერთი ინსტიტუტი ქვეყანაში, რომლის რეიტინგსაც ივანიშვილმა ვერაფერი მოუხერხა. ე.წ. ციანიდის საქმე და ეს ყველაფერი ხომ მისი რეპუტაციისა და ავტორიტეტის დანგრევისკენ არის მიმართული. ვის მოსწონს ეკლესია მოძალადის როლში?! – არავის! ამიტომ ვამბობ, რომ ეს იყო ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია. როგორმე უნდა დაინგრეს ის ავტორიტეტი, რომელიც აქვს ჩვენს ეკლესიას, მაგრამ ამ ავტორიტეტმა საუკუნეებს გაუძლო და ასე ადვილი არ არის მისი დანგრევა.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა