თბილისში, დიდუბის სადგურის მახლობლად, ბათუმიდან მომავალი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა.
როგორც “საქართველოს რკინიგზაში” “რუსთავი 2”-თან საუბრისას აღნიშნეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულ მამაკაცს დახმარება ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ალადაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის მორიგე ექიმის, ნანა ჩხიკვაძის განცხადებით, მას ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება.
“კლინიკაში შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 21 წლის მამაკაცი, რომელსაც დაეჯახა მატარებელი. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. აღენიშნება მარჯვენა მტევნის არეში სისხლმდენი ჭრილობა. პირველადი სამედიცინო კვლევების შედეგად ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, თუმცა იმყოფება ჩვენი დაკვირვების ქვეშ”, – განაცხადა ექიმმა.