გიორგი ვაშაძე – “მელიას მხარს არ ვუჭერთ, ჩვენს კანდიდატს წარვადგენთ”

გიორგი ვაშაძე - "მელიას მხარს არ ვუჭერთ, ჩვენს კანდიდატს წარვადგენთ"“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მესამე ძალას უნდა ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი თბილისის მერობაზე.

– ვინ მოიაზრება ამ მესამე ძალაში? შეიძლება გახარია თქვენ გვერდით ვიხილოთ?

– არა, ჩვენ გახარიასთან არანაირი ურთიერთობა არა გვაქვს და კონკრეტულად თუ ვინ მოიაზრება, ამას უკვე თვის ბოლოს ნახავთ.

დაახლოებით ერთ კვირაში გავაცნობთ საზოგადოებას ჩვენს გეგმებს.

– კალაძეს გაუწევთ კონკურენციას?

– კალაძისთვის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ არაფერი არ შეიცვლება. რა პრობლემებიც არის თბილისში, ისევ ის პრობლემები დარჩება.

ჩვენი მთავარი ამოცანა ამ არჩევნებში არის, არ ავაღებინოთ 43% “ქართულ ოცნებას”. ამისათვის მთავარი არის, მეტი პროპორციული ხმა იყოს ოპოზიციის მხარეს და არა კონკრეტული კანდიდატების მხარდაჭერა. ჩვენ ხომ სამიზნე გვაქვს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს ქვეყანაში.

– საპარლამენტო ოპოზიციაში ერთსულოვნება არ არის მელიასთან დაკავშირებით?

– არა. მე თავიდანვე ამას ვამბობდი, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მხარდაჭერა არასწორია.

– რატომ? 

– ასეთ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” 43%-ს მარტივად მოაგროვებს. თუ ორპოლუსიანი რადიკალიზაცია იქნა, ეს აწყობს “ქართულ ოცნებას”.

– ორპოლუსიანი რატომ, გახარიაც ხომ შემოვიდა ამ პოლიტიკურ თამაშში?

– კი ბატონო, შემოვიდა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით, რა თამაშს თამაშობს გახარია.

– ოპოზიციამ მელია მერად დაასახელა, ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარედ და ზურაბ ჯაფარიძე ვიცე-მერად.

– ჩვენ ნაცმოძრაობასთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობას არ ვაპირებთ.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა