პრობლემა იცით რა არის? ოპოზიციაში ვერავინ იყურება პარტიული ამბიციების მიღმა. 2017-ში მე მებრძოდნენ, ნაცვლად იმისა, რომ კალაძესთან ებრძოლათ და რა მივიღეთ? – მე მოვუგე მათ, მაგრამ წავაგეთ კალაძესთან, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, მელია-ხოშტარიას ტანდემს მხარს არ უჭერს, რადგან „ხოშტარია მელიასთვის იქნება დამანგრეველი“.
„ახლა ბოკერიამ რომ დაალაგა ხოშტარიას და მელიას ტანდემი, ხოშტარია მელიასთვის იქნება დამანგრეველი. ეს არის მარცხის ფორმულა, რადგან ბოკერიას თავში არის მოხარშული. ეს არის კაცი, რომელმაც საკუთარი პარტია დაანგრია. მან ბევრი მილიონი დახარჯა იმისთვის, რომ საკუთარი პარტია დაენგრია, გაგიგიათ ასეთი რამე?“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ თქვა უარი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობაზე. ელისაშვილის თქმით, მას თბილისი მერობაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს.
„ბევრ რამეს არ მინდა მივედ-მოვედო, სამი საკითხი მინდა დავძრა. ერთი საარჩევნო საკითხი დავძარით და დასრულებულია ეს საკითხი, მეორე – ვეტერანები და პენსიები, მესამე – მიწის რეფორმა უნდა დაიძრას. სამივე არის დაძრული და წელს ბოლომდე უნდა მივიყვანო. ეს თუ ბოლომდე არ მივიყვანე, ახლა რომ მერობაზე გადავხტე და მე მომეცითთქო ხმა, მერე როგორ შევხედო ხალხს?“ – თქვა ელისაშვილმა.
იპნ

