თინა ვარდანაშვილი საზოგადოებამ საკულტო ფილმით, “როცა აყვავდა ნუშით” გაიცნო.
ის პროფესიით გეოფიზიკოსი, მხატვარ-გრაფიკოსი იყო. 20 წლის ასაკში ასევე მხატვარ მერაბ ქობულაძეს გაჰყვა ცოლად.
– ორი შვილი შეგვეძინა. მერე 16 წლის ქალიშვილი სალომე დამეღუპა ავარიაში. ერთი ქალიშვილი დამრჩა, ლიზა. კარგი მეუღლე ჰყავს და ორი არაჩვეულებრივი შვილი. შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა. შვილიშვილებმა კი სიცოცხლე დამიბრუნეს, ფეხზე წამომაყენეს და სულ სხვა ადამიანად ვიქეცი, – უყვებოდა თინა ვარდანაშვილი “ამბებს”.
“როცა აყვავდა ნუშს” რომ იღებდნენ, სკოლებში დაეძებდნენ ახალგაზრდებს.
– მეც დამიბარეს სინჯებზე და მალევე დამამტკიცეს მთავარ – ხათუნას როლზე, – უთხრა “ამბებს” თინამ.
მან ბიჭვინთაში გატარებული 24 დღე გაიხსენა..
– გოგონებიდან მარტო მე და ეკა მაღალაშვილი ვიყავით გადაღებაზე. ბიჭები მეტნი იყვნენ: ზურა, გოგა ფიფია, დიმა ვანიშვილი, მიშა აბრამიშვილი… გოგა ფიფია ჩემს სკოლაში სწვლობდა; ზურა მომღერალ ნუგზარ კვაშალის და დათო აბულაძის მეგობარი იყო, რომლებთანაც მეც ვმეგობრობდი, ასე რომ, არც ზურა იყო უცხო. დოდო აბაშიძე მხოლოდ ორი დღით ჩამოვიდა ბიჭვინთაში და ძალიან გაგვახალისა. რეზინის ქუდი მქონდა, რომელსაც ზემოდან თმასავით ჰქონდა ამოშვერილი. განსაკუთრებული ქუდი იყო, ჰოდა, დოდომ ჩამოიცვა ეს ქუდი თავზე და გამიხია. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ბუზღუნი არ დამიწყია, ისეთი საყვარელი ადამიანი იყო…
“ჩარი-რამას” გადაღების დროს ლენა ყიფშიძესთან ცხოვრობდა.
– აი, მაშინ კი მოვილხინე. რესტორანშიც დავდიოდით, ცოტა შამპანურსაც ვსვამდით, თავისი მეგობარიც გამაცნო და ძალიან გამახალისა. “როცა აყვავდა ნუშის” შემდეგ იმ ჩემს თანატოლებთან არ გამიგრძელებია ისეთი მეგობრობა, მე და ლენა კი დიდი ხნის განმავლობაში ვმეგობრობდით. არაჩვეულებრივი ქალი იყო…
ამის შემდეგ ეპიზოდური როლები მქონდა “რაიკომის მდივანში” და “დონ-კიხოტში” და ამით დავასრულე მსახიობობა, – უთხრა მან “ამბებს”.
2015 წელს თინას მეუღლე გარდაეცვალა, 2016-ის 6 ივნისს კი თავადაც გარდაიცვალა, 64 წლის ასაკში.
ის 9 ივნისს დაკრძალეს.