“სისულელეა, რომ ამბობენ, ჯანრი სალომეს ბავშვების ნათლია იყოო” – რითი მოხიბლა სალომე ზურაბიშვილმა ჯანრი კაშია სამზარეულოში

"სისულელეა, რომ ამბობენ, ჯანრი სალომეს ბავშვების ნათლია იყოო" - რითი მოხიბლა სალომე ზურაბიშვილმა ჯანრი კაშია სამზარეულოშისალომე ზურაბიშვილმა მომავალი მეუღლე ჯანრი კაშია პარიზში მაშინ გაიცნო, როდესაც ზურაბიშვილი მეუღლეს უკვე დაცილებული იყო.

ამის შესახებ “ასავალ-დასავალთან” ჯანრის და, ვეტა კაშია, ამბობს.

მაშინ, 1982 წელს, ჯანრი კაშია პარიზში მოსკოვიდან ჩავიდა.
სალომემ და ჯანრიმ ხელი 90-იან წლებში მოაწერეს. ჯანრი კაშიას მანამდე ორი ქალიშვილი ჰყავდა, ნანა და მარიამი.
– ნანა პირველ მეუღლესთან, ქალბატონ ლალისთან შეეძინა, მეორე შვილი უკრაინელმა ქალმა გაუჩინა. მარიამი დღეს ათენში ცხოვრობს, სალომეს უდიდესი ამაგი აქვს ჯანრის შვილიშვილზე, რეზო მაყაშვილზე, რომელიც პარიზში დაიბადა და სალომეს ხელშეწყობით სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა, – აცხადებს ვეტა კაშია.
ჯანრი კაშია 2012 წელს, მიკროინფარქტით გარდაიცვალა და ის ვერის სასაფლაოზეა დაკრძალული.
ვეტა კაშია კატეგორიულად უარყოფს საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანრი კაშიასა და სალომე ზურაბიშვილს ნათელმირონობა აკავშირებთ.
– ახლა რომ ამბობენ, ჯანრი სალომეს ბავშვების ნათლია იყოო, საიდან მოიტანეს ეს სისულელე არ ვიცი, სალომე ძალიან მორწმუნეა, საფრანგეთში ქართული ეკლესია მამამისის დაარსებულია. ყველა წესი კარგად იცის, – ამბობს ვეტა კაშია.
ჟურნალ სარკესთან ინტერვიუში 2006 წელს ჯანრი კაშია სალომე ზურაბიშვილის კულინარიაზე საუბრობს:
– სალომე კარგი დიასახლისი და მზარეულია, თუ ქალი კარგი დიასახლისი არ არის, ახლოს არ უნდა გაიკარო.

– რა გიყვართ ქალბატონი სალომეს მომზადებული?

– ლობიოს გარდა, ყველაფერი.

სალომე:

– არ არის მართალი! ლობიოც მოსწონს.

ჯანრი:

– ლობიო ჩემი გაკეთებული მომწონს, მე ვარ ლობიოს ოსტატი! ფანტაზიით შექმნილ კერძებში კი ჩემპიონატი რომ ჩავატაროთ, სალომე გაიმარჯვებს.

სალომე:

– სამსახურიდან საღამოს 8 საათზე ვბრუნდებოდი, 9-ის ნახევარზე კი უკვე სტუმრები მოდიოდნენ. ამ დროს რაღაცის მომზადებას მაინც ვასწრებდი.

– მაგალითად, რა მოგიმზადებიათ საკუთარი იმპროვიზაციით?

ჯანრი:

– რა არ მოუმზადებია?! იმ კერძებს სახელები არ აქვს, ყველაფერს სალომე ჰქვია. მაგალითად, თევზიდან ძალიან სწრაფად საუცხოო კერძის გაკეთება შეეძლო.

სალომე:

– მაგალითად, თევზი უნდა შეწვა, დააყარო ბევრი მწვანილი, ბევრი ხახვი, ბევრი ნიორი, პომიდორი და კიდევ ათასი რაღაც, რაც ხელთ გაქვს. კერძის მომზადების დროს ჩემებურ იმპროვიზაციებს ვიყენებ. მეზარება და არც მაინტერესებს დაწერილი რეცეპტის მიხედვით მომზადება.

– პირადად ბატონ ჯანრის რას უმზადებთ ხოლმე?

ჯანრი:

– ჩემთვის არ ამზადებს, მაგრამ სტუმრები თუ მოდიან…

სალომე:

– მაკარონს ხომ გიკეთებ ხოლმე პომიდვრის წვენით?!

ჯანრი:

– ერთი კვირა გავიძახი, სპაგეტი მინდა, სპაგეტი-მეთქი. კვირის ბოლოს შეიძლება მართლა გამიკეთოს. სოუსებში ერკვევა კარგად, ფრანგული გავლენა მოქმედებს.

– ქალბატონო სალომე, ბატონი ჯანრის მომზადებული ლობიო გემრიელია?

სალომე:

– არაფერსაც არ ამზადებს!

ჯანრი:

– ვამზადებდი. მთელი ქართული დიასპორა ჩემს მომზადებულ ლობიოს ჭამდა.

სალომე:

– მაინცდამაინც გემრიელი არ გამოსდის.

ჯანრი:

– მჭადს როგორს ვაკეთებ?

სალომე:

– მჭადს კარგს აცხობს. ისეთი თათები აქვს, ცომის მოზელვა კარგად გამოსდის.