სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც აღბეჭდილია სვეტიცხოველში რუსულ ენაზე შესრულებული საღმრთო ლიტურგია.
აღნიშნულზე საპატრიარქომ ასეთი განცხადება გააკეთა:
„ინტერნეტსივრცეში ვრცელდება კადრები, რომელზეც აღბეჭდილია სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი წირვის დროს შესრულებული რუსულენოვანი გალობა და მსახურების ფრაგმენტები. დაინტერესებული ჟურნალისტები ითხოვენ ახსნას.
განვმარტავთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი. მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება.
ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში