თბილისი პრაიდმა დღეს დაგეგმილი მარში გააუქმა

თბილისი პრაიდმა დღეს დაგეგმილი მარში გააუქმა“თბილისი პრაიდის” განცხადებით, დღეს დაგეგმილი ღირსების მარში არ შედგება. ორგანიზატორები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, მათი თქმით, არ აქვთ მოლოდინი, რომ პოლიცია ადეკვატურად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ძალადობას აღკვეთავს.

“თბილისი პრაიდის სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ ღირსების მარში #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო ქვიარ თემისა და ჩვენი მხარდამჭერების უსაფრთხოება, არამედ აქტიური მოქმედებებით შეგვიშალა ხელი გვესარგებლა შეკრების უფლებით. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანების სიცოცხლე!

პრაიდის ორგანიზატორები წერენ, რომ ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ყველა შესაძლებლობა უზრუნველეყო პრაიდ კვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოება, არ მიიღო არავითარი ქმედითი ზომა ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. “თბილისი პრაიდის” წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს არაერთი შეხვედრა ჰქონდა შსს-ს წარმომადგენლებთან, ისინი იცნობდნენ ჩვენს სამოქმედო სტრატეგიას, მათთვის შეთავაზებული იყო კონკრეტული გეგმები, რომელთა მიხედვითაც, უნდა მომხდარიყო მარშის უსაფრთხოების დაცვა, თუმცა, ნაცვლად ქმედითი ზომებისა, ჩვენ დილიდან ვუყურებთ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას.

დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ შსს ადეკვატურად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, რადგან ვხედავთ, რომ ისინი არ რეაგირებენ მათ თვალწინ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, სიძულვილის უზარმაზარი ტალღა კი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, სწორედ ხელისუფლებისა და საპატრიაქროს მიერაა შთაგონებული და მხარდაჭერილი”, – წერენ ორგანიზატორები.