ვახტანგ კალოიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აფასებს ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, კოვიდისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადე და დისტანციის დაცვაა, ხოლო იმუნიზაცია დამატებითი ბერკეტია.
– ეს არის არაკვალიფიციური, არაპროფესიონალური განცხადება. ვაქცინაცია ნაკლებად იცავს ინფექციისგან, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხით გვიცავს მძიმე მიმდინარეობისა და გარდაცვალებისაგან. შესაბამისად, როდესაც მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, მეორე ნაწილიც უნდა თქვას. კერძოდ კი ის, თუ რატომ ვიკეთებთ ვაქცინას. ეს ხდება იმისთვის, რომ გადარჩნენ ჩვენი მოქალაქეები.
– ქვეყანაში მაღალია ანტივაქსერების რაოდენობა. მინისტრის განცხადება დამატებითი არგუმენტი ხომ არ არის მათთვის?
– საქართველოს მოქალაქეების ერთ მილიონს აცრა დღესვე უნდა და, სამწუხაროდ, ეს ვერ არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ეს განცხადება კიდევ ერთხელ არის მანიშნებელი არათანმიმდევრული პოლიტიკისა და არაკვალიფიციური მართვისაც.
– თენგიზ ცერცვაძემ მოგიძღვნათ პოსტი სოციალურ ქსელში. რა პასუხი გაქვთ?
– ბრალდებებზე 1937 წლის სტილში კომენტარს არ ვაკეთებთ. ჩვენი ინტერესია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული იყოს და რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მედიკამენტი პაციენტისთვის, რაც შეიძლება დაცული იყოს პაციენტი ჰოსპიტალში. პერსონალურ პასკვილებზე პასუხზე დროს არ დავკარგავთ.
– მან მედიკამენტ ტოცილიზუმაბზე ისაუბრა. მან თქვა, რომ თქვენ ჯერ ამბობდით, რომ ექსპერიმენტებს ატარებდა ცერცვაძე ადამიანებზე და ახლა ამბობთ, რომ არ იყენებენ მას. ამაზეც არ უპასუხებთ?
– ყველა კონკრეტულ ბრალდებას უკვე გაეცა პასუხი. ახლახანს გახდა ხელმისაწვდომი ეს მედიკამენტი, მრავალი თვის დაგვიანებით. დღესვე გაზარდეს ტესტირებების რაოდენობა, რითაც ცერცვაძემ აღიარა, რომ ის თხოვნა და მითითება, რომელიც ჩვენ გვქონდა, იყო ადეკვატური.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა